26 აპრილი 2024,   20:13
ვრცლად
მსხვერპლი, თუ მოძალადე? - კახეთში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები

სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის და დაზარალებულის ოჯახები განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ვერსიით კობა თარაშვილი პაატა მაჭარაშვილთან ხორბლის საყიდლად მივიდა, ფასზე ვერ შეთანხმდნენ, თარაშვილმა მაჭარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა. ამის შემდეგ, თარაშვილმა თანმხლებ პირთან ერთად ტერიტორია დატოვა, მაჭარაშვილი კი მათ დაედევნა და მის მფლობელობაში არსებული სანადირო თოფიდან ერთი გასროლით თარაშვილი მარჯვენა მხარში დაჭრა. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ მირზაანის რწმუნებულის შვილს და მის მეგობარს პაატა მაჭარაშვილისგან ხორბლის უსასყიდლოდ წაღება სურდათ.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მირზაანის რწმუნებული და ამბობს, რომ აგრესიულად არა მისი შვილი, არამედ დაკავებული პაატა მაჭარაშვილი იქცეოდა, რომელმაც კობა თარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრას თვითმხილველებიც ყავს, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგეს, შემდეგ კი ნახეს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა მკლავში იყო დაჭრილი.

პაატა მაჭარაშვილი შემთხვევიდან მალევე დააკავეს, როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ის პოლიციას თავად ჩაბარდა. თუმცა დღეს, მაჭარაშვილის ოჯახი მის გათავისუფლებას ითხოვდა, მათი თქმით, მაჭარაშვილი აფექტურ მდგომარეობამდე თარაშვილმა მიიყვანა.

კობა თარაშვილს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ის ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არსებობდა მარჯვენა ხელის ამპუტაციის საფრთხე თუმცა, როგორც ექიმი ამბობს, კიდურის მოკვეთის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

პაატა მაჭარაშვილს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას ედავება. დაკავებული აღიარებს დანაშაულს, იარაღი კი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები