04 მაისი 2024,   16:40
ვრცლად
"ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო" - ბიძინა ივანიშვილი

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საკუთარი ქონების 90%-ს ქველმოქმედებას მოახმარს.

კითხვაზე, რა უშლის ხელს იმისათვის, რომ მართოს ტურისტული ობიექტები ხანგრძლივი ვადით და გარანტირებულ წაგებაზე არ წავიდეს? ივანიშვილი აცხადებს, რომ ურჩევნია თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დაიბრუნოს ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი შეასრულა და დროულად წარმართოს ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩატოვოს ეს რესურსი.

"მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო. სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი. სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი. თუმცა, არც იმის ილუზია მაქვს, რომ ასეთი ინვესტიციატევადი, ანუ ძვირი პროექტების შეძენის სურვილი ბევრს გაუჩნდება და შესაძლოა, მათი მართვა დიდხანს მომიწიოს, მაგრამ პრინციპი არ იცვლება − ნებისმიერი შემოსავალი ამ ობიექტებიდან, ექსპლუატაციის პროცესშიც იმავე პროპორციით დაიხარჯება, როგორც გაყიდვის შემთხვევაში − 90/10-ზე. სხვათა შორის, ოპონენტებს შეუძლიათ ქმედითი მონიტორინგი დააწესონ ამ პირობის შესრულებაზე, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ამას არ იზამენ − ისინი ხომ ფაქტებს და სიმართლეს ვერ უმკლავდებიან? ამიტომ ვვარაუდობ, რომ ისევ სიყალბისა და ცილისწამების მეთოდს აირჩევენ ოპონირებისთვის," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები