26 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
მიხეილ კალანდიას პროცესი - სხდომაზე დაკითხეს ექიმი, რომელმაც დავით სარალიძეს პირველადი დახმარება გაუწია  

საქალაქო სასამართლოში, მიხეილ კალანდიას პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი 4 მოწმე დაკითხეს. მათ შორის არის სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძეს პირველადი დახმარება გაუწია.

პროკურორი ბესიკ ქვარცხავა აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოწმე არის ის პირი, რომელიც მოზარდებს შორის დაპირისპირების დროს ხორავას ქუჩაზე, ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იმყოფებოდა. ბრალდების მხარე ამბობს,  რომ მოწმე კონფლიქტს შეესწრო, რის შესახებაც სასამართლო პროცესზე ისაუბრა და მხარეებს გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდა.

„მათ შორის, აღნიშნულმა მოწმემ დაასახელა და ახსენა ბრალდებული მ.კ. როგორც შემთხვევის ადგილზე, დანაშაულის ჩადენის ადგილზე მყოფი პირი," - აცხადებს პროკურორი.

სხდომა ისევ დახურული იყო, დაცვის რამდენიმე შუამდგომლობის მიუხედავად, პროკურატურა პროცესის გახსნას ეწინააღმდეგება.  

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. 

დღის ამბები