26 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
ჩვენი მთავარი მოდელი და მიზანია საქართველო ივანიშვილის გარეშე - შალვა ნათელაშვილი

როგორც წესი, გაერთიანებული ოპოზიციის წინაშე ყველა ხელისუფლება ინგრევა - ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი საპროტესტო აქციით არაფერი შეიცვლება და დემონსტრაციები პერმანენტული უნდა გახდეს.

"მოგეხსენებათ, ზვავი რომ იძვრება, ის სტიქიურად მოდის დაბლა, მაგრამ ეს არის ისეთი პოლიტიკური და ეროვნული ზვავი, რომელსაც მართვა სჭირდება იმისათვის, რომ პარაზიტული რეჟიმი ივანიშვილის სახით მოვიცილოთ უდანაკარგოდ, რომ არ დაზიანდეს უფრო დიდი სახელმწიფო ინტერესები.

17 ნოემბერს, კვირას, 3 საათზე, პარლამენტის წინ ველოდებით ყველა გულანთებულ მამულიშვილს, მაგრამ ნუ გვექნება ზედმეტი მოლოდინი, რომ ერთი თუნდაც ძალიან დიდი მიტინგით ჩვენ რეჟიმს დავამთავრებთ. რეჟიმს აუცილებლად დავამთავრებთ, მაგრამ აქციები უნდა იყოს პერმანენტული, უწყვეტი და ეს გველეშაპი მოიშთოს საკუთარ ბუდეში,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, თუ რომელ მოდელზე შეთანხმდა გაერთიანებული ოპოზიცია, ნათელაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ გაერთიანებულ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.

"ყველაზე დიდი მოწონებით ოპოზიციასა თუ საზოგადოებაში სარგებლობდა პოლიტიკური სისტემის შეცვლის იდეა, რომელიც ივანიშვილმა თავზე დაგვამხო, ჩააგდო და ფეხით გადაუარა. გერმანული მოდელი და სხვა მოდელებიც საინტერესოა, აზრთა სხვაობა ამ საკითხში არის და ეს ბუნებრივია. უნდა შეჯერდეს კონსტიტუციური ჯგუფები, სპეციალისტები. ფაქტი ერთია, რომ ჩვენი მთავარი მოდელი და მიზანია საქართველო ივანიშვილის გარეშე,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, პერმანენტული აქციები მალე რეგიონებსაც მოიცავს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები