26 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
თბილისში ცნობილი ნეიროქირურგი პაციენტის ახლობელმა სცემა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს, ფიზიკური შეურაცხყოფა გოგი მაღალაშვილს პაციენტის ნათესავმა მიაყენა. 

ნეიროქირურგი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს წამყვან სპეციალისტს გუშინ პაციენტის ნათესავი ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევაა საავადმყოფოში, გოგი მაღალაშვილის კაბინეტთან მას შემდეგ მოხდა, რაც ექიმმა 72 წლის მამაკაცს ოპერაცია გაუკეთა. მოძალადე ექიმს უმტკიცებდა, რომ პაციენტი ნარკოზიდან ვერ გამოდიოდა. პროფესორს დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.

შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე პაციენტის, რეზო კილასონიას, ნათესავი იდენტიფიცირებული და პოლიციის მხრიდან გამოკითხულია, ის ჯერ დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო გოგი მაღალაშვილის დაზიანებებზე ექსპერტიზის პასუხს ელის.

დაშავებულ ექიმს ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდა. პოლიციამ პროფესორი უკვე გამოკითხვა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტების გახშირებაზე საუბრობს და რეაგირებას ელის.

სამედიცინო ასოციაციათა გაერთიანების თავმჯდომარე ნინო ოკრიბელაშვილი ამბობს, რომ სისხლის სამართლის 94-ე მუხლში მეხუთე პუნქტი უნდა დაემატოს, რომლის მიხედვითაც ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლა, მასზე განხორცილებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა დასჯადი იქნება.

ნინო ოკრიბელაშვილი მიიჩნევს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაჩნდეს შუამავალი ექიმსა და პაციენტის ოჯახის წევრებს შორის, რომელიც ავადმყოფის ოჯახის ინფორმაციას მიაწვდის.

საექიმო საქმიანობის შესახებ კანონპროექტი უკვე განიხილება საქართველოს პარლამენტში. ინიციატივაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ჯანმრთელობის სამინისტროც მუშაობდა. როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ამბობს, კანონპროექტი კომიტეტებში უკვე განიხილეს და პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უკვე უყარა.

პაციენტ რეზო კილასონიას ოჯახის წევრები დღეს მედიასთნ არ გამოჩენილან. ნაცემ ექიმს მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში არ დასჭირვებია და მას პირველადი დახმარება თანამშრომლებმა გაუწიეს. ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილის კაბინეტთან დამონტაჟბული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შინაგან საქმეთ სამინისტრომ უკვე ამოიღო.

დღის ამბები