13 დეკემბერი 2019,   14:01
ვრცლად
ოპოზიცია "დაბოქლომებას" განაგრძობს - აქციები მთავრობის ადმინისტრაციასთან და ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე ბოქლომის დადების მცდელობა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დღეს რამდენიმე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ოპოზიციონერ ლიდერებს ბოქლომის დადება მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე სურდათ, თუმცა ადგილზე მათ მისვლამდე პოზიციები პოლიციამ დაიკავა. აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვის გარღვევას ნახევარი საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, რასაც ხმაური და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. საბოლოოდ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მიზანს ჯაჭვების ღობეზე შებმითაც მიაღწიეს და სიმბოლური პროტესტი შედგა.

მომდევნო ლოკაცია, სადაც აქტივისტებმა ბოქლომის დადება გადაწყვიტეს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია იყო.  ამ შემთხვევაში აქციაზე პოლიტიკური ლიდერები არ ყოფილან. ხმაურიანი პროტესტი, რომლის სიმბოლო ბოქლომთან და ჯაჭვებთან ერთად ნაგვის ურნაც იყო, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გამოხატეს. ამ შემთხვევაშიც შუაში ჩადგომა საპატრულო პოლიციას მოუწია, რასაც კვლავ ხმაური მოჰყვა.

აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან მისვლა ვერ მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს ბოქლომით, გზის მახლობლად მოაჯირზე, მათ მიერ მიტანილი ნაგვის ურნა მიებათ. ურნაში, რომელსაც მათი თქმით პოლიტიკური სანაგვის დატვირთვა ჰქონდა, მმართველი პარტიის წევრების ფოტოები დემონსტრაციულად ჩაყარეს.

აქვე, განცხადებები გაკეთდა ახალი მოძრაობის დაარსების შესახებ. "გაბედე" - ასე ჰქვია გაერთიანებას, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები იქნებიან. გეგმებში ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლები და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება შედის.

ბოქლომები ერთ კვირაზე მეტია საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით მიმდინარე აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გასული დღეების განმავლობაში ამ ფორმით პარლამენტის შესასვლელები, შს სამინისტროს ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობა, მთავარი პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დღეს კი უკვე მთავრობის ადმინისტრაცია სიმბოლურად დალუქეს.

 

 

  

დღის ამბები