04 მაისი 2024,   04:40
ვრცლად
მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის მკვლელობაში ბრალდებული  1 წლიანი გამოძიების შემდეგ დააკავეს

ერთი წლის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული ერთწლიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ალექსანდრე ტოგონიძემ მისი ბიზნესპარტნიორი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა, ლითონის კასრში მოათავსა და კვალის დაფარვის მიზნით დაწვა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ გვამი 2018 წლის მაისში მდინარე რიონმა გამორიყა.

გამოძიებამ ცოტა ხნის წინ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მოკლულის ცხედარზე ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები აღმოჩნდა. ერთ-ერთ მოტივად ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსური დავა სახელდება. დაკავებული ბრალს აღიარებს.

რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ 42 წლის მამაკაცი საკუთარმა მეგობარმა, მოკლულის ოჯახს საუბარი უჭირს. ადასტურებენ, რომ ნიკოლოზ ქუმსიაშვილს და მის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ალექსანდრე ტოგონიძეს წლების მეგობრობა და ბიზნესი აკავშირებდათ, თუმცა დაპირისპირების მიზეზი არ იციან.

წინასწარი ვერსიით, სასტიკი მკვლელობა სწორედ ბიზნესუთანხმოებას და თანხის განაწილებას უკავშირდება.

დაკავებულ ტოგონიძეს და მოკლულ ქუმსიაშვილს ბიზნესის გარდა საერთო სამსახურიც აკავშირებდათ. "კურიერის" ინფორმაციით, 2006 წლამდე ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, ის სასჯელს გამოძალვისთვის იხდიდა.

ალექსანდრე ტოგონიძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მისი ადვოკატი. გაგი მოსიაშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში ამ ეტაპზე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის დანაშაულს დაადასტურებს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ალექსანდრე ტოგონიძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები