26 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
ყველა ვერსიას განვიხილავთ, ტარიფის გაზრდის გარდა - ვიცე-მერი მიკროავტობუსებით მგზავრობის შესაძლო გაძვირებაზე

მიკროავტობუსების ტარიფის შესაძლო გაზრდის გამო ოპოზიცია უკმაყოფილოა. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ მგზავრობის ფასის გაზრდა მათთვისაც მიუღებელია. 

"ყველაფერი ძვირდება ამ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც ბედნიერები არიან ამ ქვეყანაში, არიან მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც საზოგადოების ხარჯზე მდიდრდებიან. კონკრეტულად ადამიანებს კი, ვინც ყოველდღიურად გადაადგილდებიან და ამის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის გადახდა მოუწიოთ. ამაზე პასუხისმგებელი არა რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი ან მძღოლია, არამედ ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელი არიან ეკონომიკაზე და საწვავის ფასზე," - აღნიშნა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ ტარიფის ზრდა მათთვისაც მიუღებელია და მოლაპარაკებებისას გაძვირება არც განიხილება.

"ყველა ვერსიას განვიხილავთ, ტარიფის გაზრდის გარდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, კახა კალაძემ არ იცოდა ტარიფის ზრდა გამოსავალია თუ არა? დავალება მაგიტომაც მომცა, რომ რაღაც სქემა შემემუშავებინა. თორემ კალაძეც იტყოდა, გავზრდით ტარიფს და მიკროავტობუსები ჩანაცვლდება," - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 20-30 თეთრით გაზრდა "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალურმა დირექტორმა დააანონსა.

დღის ამბები