26 აპრილი 2024,   18:52
ვრცლად
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისთვის ემზადება

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრისთვის ემზადება, რამდენიმეთვიანი მოსმენების შემდეგ, პროცესი ზეგ დასრულდება.

უკვე ცნობილია, რომ 20 კაციანი სიიდან ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა არც ერთ კანდიდატს არ აქვს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იყო და კენჭისყრაც ინდივიდუალური იქნება.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ნინო გოგუაძის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა დაუჭიროს მხარი იმ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებსაც სასამართლო სისტემის პრობლემებზე და გამოწვევებზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

"არ უნდა დაუჭიროს პარლამენტმა მხარი იმ კანდიდატებს, რომლებსაც წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ, რომ ეს სისტემის ბრალი იყო და თავიანთ ინდივიდუალურ როლს, მონაწილეობას და მნიშვნელობას ამ სისტემის შექმნაში ვერ ხედავენ," – აცხადებს ნინო გოგუაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მოსამართლეების შერჩევის საკითხს მაღალი სტანდარტით მიუდგნენ და კენჭი მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატებს უყარონ, რომლებმაც, როგორც პროფესიონალიზმი, ასევე - ზნეობის და კეთილსინდისიერების სტანდარტები დააკმაყოფილეს.

"თუ ამ პროცესის დასასრულს ჩვენ ავირჩიეთ ისეთი შემადგენლობა, როგორიც შარშან დეკემბრის თვეში იყო წარმოდგენილი, მაშინ მთლიანად ერთწლიანი პროცესი, რომელშიც ძალიან ბევრი ენერგია და შრომა იყო ჩადებული, მთლიანად იქნება დისკრედიტირებული," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღის ამბები