26 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
სახელს და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს - ოპოზიციის შეფასებით ახალი გენერალური პროკურორიც ივანიშვილის დავალებებს შეასრულებს

მას შემდეგ რაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, გააქტიურდა საუბრები იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს მთავარი ბრალმდებლის პოსტს."ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი მიიჩნევს, რომ ახალ სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ახალი პროკურორიც ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი იქნება:

"მთავარ პროკურორად აუცილებლად ვიხილავთ ახალი სახელის და გვარის მქონე ბიძინა ივანიშვილს. სახელს და გვარს მნიშვნელობა აღარ აქვს, აგერ თადუმაძე უდიპლომო გენერალური პროკურორი იყო, დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ გაამწესებენ სავარაუდოდ," - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ხელისუფლებას ურჩევს, რომ შეცდომა აღარ გაიმეორონ და პროკურორი ისეთი მექანიზმით აირჩიონ, რომელსაც საზოგადოებისგან ნდობა ექნება:

"უნდა მოინახოს ისეთი მექანიზმი, რომელიც ამ ნდობას მისცემს საზოგადოებას, ოპოზიციასაც ექნება შეთავაზებები არასამთავრობო სექტორსაც, პროფესიულ წრეებსაც, რამდენად გაიზიარებს მთავრობა და არ ეცდება რომ შეცდომები დაუშვას და ჰყავდეთ ისეთი პროკურორები, რომლებიც მხოლოდ მათ დავალებას შეასრულებენ, ეს მეორე საკითხია,"- განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ამბები