26 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
არსებული გამოცდილება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა - არასამთავრობოები გენერალური პროკურორის შერჩევაზე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, არსებული გამოცდილება, რომელიც მნიშვნელოვან თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არსებობს, არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გენერალურ პროკურორად ობიექტური და დამოუკიდებელი კანდიდატურა იქნება შერჩეული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის გიორგი გვილავას თქმით, "ქართული ოცნება" ძალაუფლების ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს და ამ პოსტზე "ოცნების" ლიდერთან დაახლოებული პირი იქნება შერჩეული:

"არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ობიექტური, დამოუკიდებელი ადამიანი დაინიშნება ამ თანამდებობაზე არ არსებობს.მთავარი მოთხოვნა გენერალური პროკურორისთვის არის დამოუკიდებლობა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ "ქართული ოცნება" ძალაუფლების ამ ბერკეტს ხელიდან არ გაუშვებს. იქნება არაობიექტური პროცესი და იქნება არჩეული ადამიანი, რომელიც დაახლოებული იქნება ქართული ოცნების ლიდერთან," - აცხადებს  გიორგი გვილავა.

"ადამიანის უფლებათა  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელის გურამ იმნაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესის მსგავსად, არც აქ არსებობს მოლოდინი, რომ პროკურორის შერჩევა მოხდება დიდი ჩართულობით და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით:

"ცხადია, იდეალური არ არის კანონმდებლობით გაწერილი კრიტერიუმები, თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ წარიმართება უშუალოდ პროცესები, გამოცდილება რაც ჩვენ გვაქვს, თუნდაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის დროს, ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ პროკურორის შერჩევა მოხდება დიდი ჩართულობით და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით," - განაცხადა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები