26 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე მართვით სუნთქვაზე რჩება - 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, რომელმაც სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში რჩება. 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე რჩება.

ექიმ ლევან ტარუაშვილის განცხადებებით, დაშავებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიურად მიმდინარეობს მედიკამენტური ჩარევები. მისივე თქმით, პაციენტს დაზიანებები  თავის არეში აღენიშნება. ასევე აქვს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები. როდის გადაიყვანენ პაციენტს პალატაში, ექიმს საუბარი უჭირს. 

გარდა ამისა, დღეს სოციალურ ქსელში განცხადება სკოლის დირექტორმა ბაკურ სულაკაურმა გაავრცელა.

"სკოლას საყვედურობენ, რომ მან მოზარდი პოლიციაში "ჩაუშვა". სინამდვილეში სკოლამ იმოქმედა კანონისა და მოსწავლეების ინტერესების შესაბამისად. კანონდარღვევის პოლიციისთვის შეტყობინება „ჩაშვება“ არ არის. შინაგანაწესი სკოლას ავალდებულებს, ასეთ სიტუაციებში პოლიციას მიმართოს. ბავშვი მართლაც სწავლობდა "მწვანე სკოლაში" რამდენიმე თვის განმავლობაში და სექტემბერში, მშობლის განცხადების საფუძველზე, გადაიყვანეს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში," - წერს ბაკურ სულაკაური.

ოჯახი კი ისევ ირწმუნება, რომ პოლიციელებმა ბავშვზე ფსიქოლოგიურად იძალადეს.

"ჩემი ძმის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. პროგრესი არ გვაქვს. ისევ წამლებით უნარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.

როგორც მე ვიცი, დაკითხვაზე იმყოფებოდა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. უარყოფდა მომხდარს და აცხადებდა, რომ არ იყო დამნაშავე. დედაჩემის თქმით, შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა ცალკე გაიყვანა დასაკითხად. როდესაც გამოვიდა, იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა. სახლში რომ მივიდა, თქვა, რომ არ იყო დამნაშავე და მეორე დღესაც  უარყოფითი ჩვენება მისცა. შემდეგ მოხდა ეს ამბავი. ცალკე რა უთხრა იმ პოლიციელმა, არ ვიცი, მაგრამ დედაჩემის თანდასწებითაც პოლიცია ემუქრებოდა, რომ ჩემს ძმას სასწავლებელში შეუქმნიდნენ პრობლემებს," - განაცხადა დაშავებული მოზარდის ძმამ ბექა სირაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს, 112-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად, გამოიკითხა არასრულწლოვანი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც კედლების მოხატვის ფაქტი უარყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე 115-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები