02 მაისი 2024,   23:55
ვრცლად
რისკები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშს აქვეყნებს

საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს პროფესიული საქმიანობის გამო მსოფლიოში 389 ჟურნალისტი ციხეში მოხვდა, რაც შარშანდელთან შედარებით, 12%-ით მეტია. წლის დასაწყისიდან 49 ჟურნალისტი მოკლეს, ეს კი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს. დოკუმენტის მიხედვით, 57 ტყვედ აიყვანეს. 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ "სიტყვის თავისუფლების შესახებ" ყოველწლიური ანგარიშში 180 ქვეყანას შორის საქართველო მე-60 ადგილზეა.

მათივე ცნობით, 2019 წელს ჟურნალისტებისთვის სამუშაოდ ყველაზე სახიფათო ქვეყნები მექსიკა, სირია, ავღანეთი, პაკისტანი და სომალი იყო.

ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ცხოვრობენ და მუშაობენ, საფრთხე მათი პროფესიული საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მედიის ის წარმომადგენლები, ვინც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს ყველაზე ახლო დისტანციიდან აკვირდებიან, რისკებს აცნობიერებენ, თუმცა, ეს მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას შემაფერხებელი ფაქტორი არ არის.

სამაუწყებლო კომპანიის "რუსთავი 2" ოპერატორ ლევან მელიქიძესთვის მიმდინარე წელს ყველაზე ცხელი 2019 წლის 20 ივნისის ღამე იყო. დღე, რომელიც "კურიერის" ოპერატორისთვის ჩვეულებრივი სამუშაო განრიგით დაიწყო, რეზინის 6 ტყვიით საავა​დმყოფოში დასრულდა. ჭრილობა გულმკერდის, სახისა და ყელის არეში მაშინ მიიღო, როდესაც მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებას იღებდა. მასთან ერთად იმ ღამეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა.

სააგენტო "როიტერსის" ოპერატორს დავით ჩხიკვიშვილს ცხელ წერტილებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მას უსაფრთხოების არაერთი ტრენინგი აქვს გავლილი. ყოველ ჯერზე, როდესაც საომარი მოქმედებების თუ მაღალი რისკის შემცველი მოვლენის გადასაღებად მიდის სპეციალურ ინსტრუქციას ისმენს. ასე მოხდა ოქტომბერშიც, როდესაც დამხმარე ჯგუფად თურქეთ-სირიის კონფლიქტის გასაშუქებლად გაუშვეს. პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჯავშანჟილეტით, ჩაფხუტითა და პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთით აღჭურვილი შეუდგა, თითქმის 12-საათიანი უწყვეტი ეთერი ჰქონდა სახურავიდან, თურქეთ -სირიის საზღვარზე, სადაც მხარეებმა ერთმანეთის მიმართ არტილერიაც გამოიყენეს.

სპეციალური ტრენინგებისა და კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი მედიაუსაფრთხოების საკითხებში. დავით მძინარიშვილი დარწმუნებულია, რომ მიტინგის დარბევის, ან საომარი მოქმედებების დროს როგორ უნდა მოიქცეს მედია, ამის შესაბამისი ცოდნა პროდუქტის ხარისხსაც გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე"-ს ანგარიშის მიხედვით მოკლულებს შორისაა მექსიკელი ჟურნალისტი ნორმა სარაბია გარდუზა, რომელიც 46 წლის ასაკში ტაბასკოს შტატში თავის საცხოვრებელ სახლთან 2019 წლის 11 ივნისს მოკლეს. სარაბია თავის ქალაქსა და მის შემოგარენში კრიმინალისა და ძალადობის თემებს აშუქებდა.

29 წლის ჟურნალისტი ლირა მაკი ემსხვერპლა ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქალაქ ლონდონდერიში მომხდარ არეულობას. ირლანდიელი ნაციონალისტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ვერსიით, მკვლელობა ირლანდიელი რადიკალი-რესპუბლიკელების მოწყობილი იყო. ჟურნალისტი ლირა მაკი პოლიციელებთან ერთად ერთ-ერთ მანქანასთან იდგა და დაიჭრა. ის მაშინვე გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა.

ანგრიშის თანახმად, ბოლო 16 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ნაკლები ჟურნალისტის მკვლელობა დაფიქსირდა, თუმცა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მათი რაოდენობა, ვისაც თავისუფლება შეუზღუდეს. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად დოკუმენტში აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე სახელდება, რომლის მდგომარეობაც საგანგაშოდაა შეფასებული.

 

დღის ამბები