02 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
არის თუ არა საქართველოში მონოპოლია მედიაკრიტიკაზე

არის თუ არა მონოპოლია საქართველოში მედია კრიტიკაზე - ვინ უნდა მოახდინოს მედიაში გასული პროდუქტის ანალიზი და ვის აქვს კრიტიკის უფლება?! ჯგუფები, რომლებიც წლებია ამ საქმით არიან დაკავებულები ახალი მოთამაშის შემოსვლას ეჭვით უყურებენ. საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედია-აკადემიაზე, რომელმაც მედიის კრიტიკის ვებ-პლატფორმა აამოქმედა, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას. თუმცა, მედიაკრიტიკა არა მხოლოდ გემოვნების, არამედ რეპუტაციის საკითხიცაა. 

მედიააკადემიაში ამბობენ, რომ ისინი ჟურნალისტების საქმიანობაში არსებულ გადაცდომებს გააკრიტიკებენ. გარდა ამისა, შეფასებისას იქნებიან მიუკერძოებელი და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით, მათ მიერვე შემუშავებული სარედაქციო კოდექსით იხელმძღვანელებენ. მედიაკრიტიკის ვებ-გვერდზე უკვე იძებნება ავტორების სტატიები, რომელიც აქტუალურ თემებსა და გამოწვევებს ეხება.

მედიააკადემიის ახალი პროექტის ერთ-ერთი ავტორია შორენა შავერდაშვილი. როგორც ის განმარტავს, კონკრეტული ჟურნალისტური მასალის შეფასება საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმებით მოხდება.

მედიაკრიტიკის პლატფორმა პირველად თითქმის 5 წლის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საერთაშორისო ფონდების დაფინანსებით შექმნა. როგორც ექსპერტები ამბობენ, მისი ალტერნატიული ვერსიის გამოჩენა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქვეშ არსებული მედიააკადემიის ინიციატივით გარკვეულ კითხვებს ბადებს.

პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვთ იმ მედიაანალიტიკოსებს, რომლებსაც თავად არაერთხელ გაუკრიტიკებიათ სხვა მედიასაშუალებები.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებულ მედიააკადემიაში ამბობენ, რომ ახალი პლატფორმის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ მუშაობს მედია და ამავე დროს, ჟურნალისტებსაც დაეხმაროს პროფესიულ განვითარებაში. მედიაკრიტიკის ვებ-გვერდზე მასალის გამოქვეყნება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ახალი პლატფორმის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს მედია-აკადემიაში დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობად აფასებენ და კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მათი პროექტის მიზანია ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტების განვითარება. 

დღის ამბები