22 იანვარი 2020,   05:35
ვრცლად
"ეს ის არ არის, რაც სხვებს ჰგონიათ" - ცესკო მისივე ავტორობით დაწერილ დოკუმენტზე

ცესკოს ავტორობით დაწერილმა დოკუმენტმა ISFED-ს რამდენიმე კითხვა გაუჩინა. პირველი- თუ რა საჭიროა შემაჯამებელი ოქმების ცესკოში მოსახვედრად საოლქო საარჩევნო კომისიის გავლა; მეორე - რატომ აღარ შეეძლებათ მედიის წარმომადგენლებს უბნებზე დამკვირვებლის როლში ყოფნა და მესამე - რატომ ვრცელდება ამომრჩევლის მოსყიდვაზე აკრძალვა მხოლოდ არჩევნების დღემდე და არა სრულ საარჩევნო პერიოდზე. ორგანიზაცია პროცესის გამჭვირვალობის რისკებს ხედავს.

ცესკოში დღეს განმარტეს, რომ "ეს ის არ არის, რაც სხვებს ჰგონიათ". კომისიის იურიდიულ დეპარტამენტში ცვლილებების მიზეზად კანონმდებლობის დახვეწა დაასახელეს, თუმცა ისიც თქვეს, რომ ამ კანონმდმებლობას პრობლემები არც აქამდე ჰქონია. 

ამ განმარტებების არ სჯერათ არასაპარლამენტო ოპოზიციაში, რადგან, როგორც თავად ამბობენ, დოკუმენტი იმ ჯგუფის გვერდის ავლით მომზადდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობს. სწორედ ამიტომ, ოპოზიციას დამატებითი ეჭვები გაუჩნდა იმაზე, თუ რა დგას ერთი შეხედვით ტექნიკური ცვლილებების მიღმა. "შენების მოძრაობას" კითხვები დოკუმენტის სხვა ჩანაწერებმაც გაუჩინა.

კითხვები აქვთ პარლამენტშიც, სადაც ცესკოს ინიციატივაში ხელისუფლების კალიგრაფიას კითხულობენ.

მმართველი გუნდი ინიციატივის განხილვამდე, წინმსწრებით გამოთქმულ კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს. ამბობენ,რომ არგუმენტები არადამაჯერებელია და სიღრმეებში ვერ შედის. სახელისუფლებო გუნდი არც იმის წინააღმდეგია, რომ სარისკო ნაწილებთან დაკავშირებით მე-3 სექტორთან ერთად იმსჯელოს.

ცესკოს ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უახლოეს შეკრებაზე იმსჯელებს, მანამდე კი სამართლიანი არჩევნები პარლამენტს მოუწოდებს, რომ იგი არ მიიღოს.

დღის ამბები