18 თებერვალი 2020,   01:42
ვრცლად
ოპოზიცია და მესამე სექტორი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს

გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპროკურორო საბჭო მარიონეტულ ორგანოდ იქცა და ისინი არჩევანს მმართველ გუნდთან შეთანხმებით გააკეთებენ.

"საპროკურორო საბჭო ისევე, როგორც იუსტიციის საბჭო არის მართული ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის მიერ და ვის შეარჩევენ გენერალურ პროკურორად, წინასწარ არის განსაზღვრული. პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, არის თვალის ახვევა და იმიტაციის მცდელობა, თითქოს ყველაფერი დემოკრატიის გზით ვითარდება," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი იღებს. მისი შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" "საკადრო შიმშილია," რადგან ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გუნდიდან სულ უფრო ნაკლებ ხალხს ენდობა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები კი, ხელისუფლებას ურჩევენ გენერალური პროკურორი ოპოზიციასთან კონსენსუსის გზით შეარჩიოს.

"სამწუხაროდ ჩვენ გენერალური პროკურორის შერჩევის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ირაკლი შოთაძის მონაწილეობა და მის მიმართ გამოთქმული პოზიციები არავითარ ნდობას არ იწვევს. მთავარი რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყოს და შესაბამისი თანამდებობის პირი კონსენსუსით დანიშნოს," - განაცხადა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ.

უმრავლესობაში კი ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კვლავ ღიად უჭერენ მხარს.

პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განმარტებით, პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ოპოზიციას გაუგებარი პრეტენზიები აქვს.

დღის ამბები