04 მაისი 2024,   04:26
ვრცლად
241 ადამიანი კარანტინში კუნძულზე ორ კვირას გაატარებს - კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება

ავსტრალიამ ვირუსის ეპიცენტრიდან ქალაქ უხანიდან გამოყვანილი მოქალაქეები ინდოეთის ოკეანეში შობის კუნძულზე საიმიგრაციო ცენტრში განათავსა.

241 ადამიანი კუნძულზე ორ კვირას გაატარებს, ამ პერიოდში მათ ექიმები დააკვირდებიან.

ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ევაკუირებულ ადამიანებს ვირუსი არ აქვთ, თუმცა ყოველგვარი რისკის თავიდან ასარიდებლად ისინი მაინც იზოლირებულები იქნებიან.

14 დღეს კარანტინში გაატარებენ ჰუბეის პროვინციიდან ევაკუირებული კანადის მოქალაქეებიც.

კარანტინია ტურისტულ გემზეც, რომელიც იაპონიაში იოკოგამას პორტში დგას. 3 ათას 700 მგზავრს ნაპირზე მას შემდეგ არ უშვებენ, რაც გემზე მყოფ 80 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა.

ის იაპონიაში ჰონგ კონგიდან ჩაფრინდა და ტურისტულ ლაინერზე ასვლის შემდეგ ცუდად გახდა. ჰონგ კონგში ვირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევა დაფიქსირდა. 39 წლის მამაკაცი ერთი თვის წინ უხანში იმყოფებოდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ მისი დაინფიცირებაც იქ მოხდა.

დაავადების სწრაფი გავრცელების გამო ცენტრალურ ჩინეთთან საზღვრის დაკეტვას მოითხოვენ ჰონგ კონგელი ექიმები. საავადმყოფოს ასობით თანამშრომელი გუშინ გაიფიცა.

ჩინეთთან საზღვარი დაკეტა მეზობელმა რუსეთმა, მსოფლიოს ასობით ქვეყანამ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელებას ეს ხელს არ შეუშლის, მსოფლიო ეკონომიკას კი ზიანს მოუტანს.

საერთაშორისო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს აეროპორტებში მგზავრების შემოწმება გააძლიეროს.

ოფიციალური სტატისტიკით ამ დროისთვის ვირუსით გარდაიცვალა 427 ადამიანი, დაავადებულთა რიცხვმა კი 20 ათასს გადააჭარბა.

დღის ამბები