04 მაისი 2024,   17:33
ვრცლად
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე ოპოზიცია მმართველი გუნდისგან დროულ და ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს

ოპოზიცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საგარეო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი ზიანდება, თუმცა კმაყოფილია იმით, რომ დიპლომატიური ენა პირდაპირობამ შეცვალა. მათი თქმით, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კარგად იცნობენ სიტუაციას და მათ დემოკრატიის უკუსვლის, ოპონენტების დევნის და დაპირებული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კრიტიკას არ გაითვალისწინებს, ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მმართველი გუნდის მიმართ სანქციების დაწესებასაც არ გამორიცხავს

"იქნება ეს შეერთებული შტატების ხელისუფლება, სენატი, ევროპარლამენტარები, მათი ინტერესია ფასეულიც და პრაგმატულიც, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა და მოკავშირე. რასაც ივანიშვილი აკეთებს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგი და ამ ამოცანისთვის საფრთხის შემცველი, ამიტომ ეს წნეხი გაგრძელდება. თუ გონს მოეგო კარგი, მისთვის პერსონალურად, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის, არ მოეგება გონს, ვნახოთ, როგორ გაუძლებს, საზოგადოების პროტესტს და საერთაშორისო ზეწოლას, მაინც დამარცხდება და ექნება დრამატული პოლიტიკური ბედი,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, არსებობს მოვლენების განვითარების 2 სცენარი, პირველი მშვიდობიანი პროპორციული არჩევნებია, მეორე სცენარი კი ბიძინა ივანიშვილისთვის პროცესების ცუდად განვითარებას გულისხმობს.

"ეს არის ნამდვილად შემაშფოთებელი და დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში ამაზე უნდა იფიქრონ ამ უსირცხვილო ადამიანებმა, ვინც ახლა აქ არიან ამ შენობაში, რომელიც უტიფრობის ადგილად გადაიქცა მათი მხრიდან. ვფიქრობ, რომ 2 სცენარია, მშვიდობიანი, სამართლიანი, პროპორციული არჩევნები და მეორე - ცუდი სცენარი ბიძინა ივანიშვილისთვის,"- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ რაც უფრო დააგვიანებს ხელისუფლება კრიტიკაზე ადეკვატურ რეაქციას, მით უფრო უარესი იქნება "ქართული ოცნებისთვის":

"შეხვდნენ აგერ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, შაჰინს, სხვებს... რა მიიღეს პასუხად? ისინი პირდაპირ ეუბნებიან, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს დემოკრატიულად და დემოკრატიის ხელყოფის შესაძლებლობას ქართულ ოცნებას არავინ არ მისცემს, ასე რომ, ადრე მოეგებიან გონს? მათთვის უკეთესი. რაც უფრო დააგვიანებენ, მათთვის უფრო უარესი იქნება ეს ყველაფერი,"- განაცხადა ვაშაძემ.

პარტია "გირჩის" ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დასავლელი პარტნიორების შეცვლილი რიტორიკა და პირდაპირი ტექსტებით საუბარი მოსწონს. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში არცერთ ინსტიტუტს მოსახლეობის საკმარისი ნდობა არ აქვს და ავტორიტეტულად მხოლოდ დასავლელი პარტნიორების შეფასებები დარჩა, ამიტომ მათი მხრიდან ობიექტური კრიტიკა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ცვლილებისთვის მნიშვნელოვანია: 

"კარგი არის ჩემი აზრით ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღარ იყენებენ დახვეწილ დიპლომატიურ ენას და პირდაპირი ტექსტებით გველაპარაკებიან. ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არცერთ პოლიტიკოს, პარტიას, არცერთ ინსტიტუტს მოსახლეობის საკმარისი ნდობა აღარ აქვს და ამიტომ თუ ვინმე დარჩა ავტორიტეტული ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც ადამიანები უსმენენ და ითვალისწინებენ,ამიტომ მათ ასეთ ობიექტურ შეფასებებს მნიშვნელობა აქვს, მათ შორის იმაზეც, რომ საზოგადოებრივი აზრი გადატყდეს ამ ქვეყანაში,"- განაცხადა ჯაფარიძემ

დღის ამბები