03 მაისი 2024,   17:45
ვრცლად
სახელისუფლებო გუნდი შეთანხმების ფანჯარას ხურავს - რას პასუხობს დიალოგის მომდევნო რაუნდის მოლოდინში მყოფი ოპოზიცია თალაკვაძეს

თუ ოპოზიცია უმრავლესობის შეთავაზებას არ დათანხმდება, თებერვლის ბოლოს სახელისუფლებო გუნდი შეთანხმების ფანჯარას დახურავს - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონიდან გააკეთა.

"ქართული ოცნება" ახლა ოპოზიციის პასუხს დიალოგის მომდევნო რაუნდზე ელოდება. უმრავლესობა ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტს აღარ დარჩება დრო ცვლილებები განახორციელოს.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ოპოზიცია პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ კონსესუსი, რომელზეც ეუთო/ოდირის დასკვნაში წერია, მხოლოდ პროპორციული სისტემის ან მისი მოდიფიცირებული ვარიანტის ე.წ გერმანული მოდელის შემთხვევაში იქნება. 

"ცალ მხარეს ვართ ყველა ოპოზიციური პარტია, საერთაშორისო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეორე მხარეს არის "ქართული ოცნება", ის დღევანდელ სისტემას ებღაუჭება, ყველა დანარჩენი კი ცვლილებებს ვითხოვთ. ამ ცვლილებების მაქსიმუმი არის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, შუალედური ვარიანტი კი არის ის, რაზეც დასკვნა დადო ეუთო/ოდირმა," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა. 

ოპოზიცია უკვე ემზადება მეხუთე რაუნდისთვის, სადაც როგორც თავად ამბობენ, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ერთიანი ტაქტიკით წარსდგებიან

"ოპოზიცია მეხუთე რაუნდისთვის ემზადება, ჩვენ შეჯერებული და ერთიანი ტაქტიკით წარვსდგებით მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციული იქნება, რადგან ჩვენი მიზანი დესტრუქციულობის რეჟიმში ყოფნა საერთოდ არ არის. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლება გონივრულ დათმობაზე წამოვა," - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა, ანზორ ბიწაძემ.

კონსესუსის აუცილებლობასა და ეუთო/ოდირის დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას, თინათინ ბოკუჩავა. მისი განმარტებით, საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი ფართო პოლიტკური კონსესუსი შეიძლება მხოლოდ ორ შემთხვევაში შედგეს. 

"ოდირმა ძალიან გარკვევით თქვა, რომ  საარჩევნო სისტემის შერჩევისას მთავარი პრინციპი არის ის, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფართო პოლიტიკურ კონსესუსზე. ხოლო საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, ასეთი ფართო პოლიტიკური კონსესუსი შეიძლება შედგეს მხოლოდ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ან მის ექვივალენტზე ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ.

დღის ამბები