02 მაისი 2024,   22:06
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ავჭალაში - კარალეთის ქუჩაზე ზედამხედველობის სამსახურმა საცხოვრებელი სახლი დაშალა

ხმაური და დაპირისპირება ავჭალაში - კარალეთის ქუჩაზე ზედამხედველობის სამსახურმა მძიმე ტექნიკა შეიყვანა და ზარიძეების საცხოვრებელი სახლი დაშალა. სახლში სოციალურად დაუცველი დედა-შვილი ცხოვრობდა.  ტერიტორიაზე თვითნებურად აშენებული დაახლოებით 10 სახლია, თუმცა არც ერთი მათგანი ადგილობრივების საკუთრებაში არ არის.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, იყო მცდელობა ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან აქ მდებარე სხვა სახლებიც დაეშალათ, თუმცა მოსახლეობასა და მერიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოსხლეობის თქმით, როგორც კი ადგილობრივები მედიის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.

ზარიძეების ოჯახი კი, რომლის სახლი მაინც დაინგრა, დღევანდელ ღამეს ახლობლებთან გაატარებს, თუმცა ოჯახის წევრების თქმით, რამდენჯერაც თბილისის მერია მათ სახლს დაანგრევს, აღნიშნულ ტერიტორიაზე, საკუთარი სახსრებით სახლის აშენებას ხელახლა ეცდებიან.

"არც გაგვაფრთხილეს, არც არაფერი. მოვიდნენ ჩუმად და დაანგრიეს. არაფერი არ გვითხრეს. ერთხელ გამოიარეს, მაგრამ სახლის დაშლაზე არაფერი უთქვამთ. მერიაში შეტანილი მაქვს საბუთები, რომ გამეფორმებინა და მერიაში უარი მითხრეს. მე 84 წლიდან მაქვს ეს ადგილი," – აცხადებს დაზარალებული ჟუჟუნა ზარიძე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, მათ 2 წლის წინ გააფრთხილეს მოსახლეობა ტერიტორია დაეტოვებინათ, ვინაიდან ტერიტორია, რომელზეც მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები თვითნებურად ააშენა, სახელმწიფოს საკუთრებაშია.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ოჯახს ერთი თვის განმავლობაში აფრთხილებდნენ.

"უკანონო მშენებლობა განხორციელდა. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ჩვენი წარმომადგენლები ინფორმაციას აწვდიდნენ არსებული სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მათ მიერ კონკრეტული სამართალდარღვევა არ იყო მითითებული. ის ადამიანები საუბრობენ, რაც მათ უნდათ, მაგრამ ჩვენ კანონის ენაზე ვსაუბრობთ, რომ ყველა სამართალდამრღვევის, ყველა პიროვნების მიმართ, რომელიც არღვევს კანონს იქნება შესაბამისი ზომები მიღებული.

ის მშენებლობა, რომელიც განხორციელებული იყო ამ კონკრეტულ ლოკაციაზე, იყო უკანონო, მიწაც გახლდათ სახელმწიფოსი და მშენებლობაც უკანონო," - აცხადებს ლევან ჯღარკავა.

დღის ამბები