03 მაისი 2024,   17:40
ვრცლად
როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უგულავას დაკავების შემდეგ - პოლიტიკოსები კონსულტაციებისთვის იკრიბებიან

როგორი იქნება ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გიგი უგულავას დაკავების შემდეგ - ამ წუთებში პოლიტიკოსები კონსულტაციებისთვის "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იკრიბებიან.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დაპატიმრებამ ოპოზიციის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. პოლიტიკოსები, რომლებიც საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისთვის ემზადებოდნენ, დიალოგზე უარს აცხადებენ და აქციებს აანონსებენ.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება ოპონენტების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა და მასთან მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თანამშრომლობასა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებენ. ამ ფორმატში ისინი განიხილავენ, თუ როგორ მივიდნენ მშვიდობიანი დემოკრატიული გზებით არჩევნების ჩატარებამდე.

"რესურსი ამოწურულია, მოლაპარაკებები დასრულებულია. ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების ფორმატში, არც მეხუთე, არც მეექვსე და არც მეშვიდე რაუნდი არ იქნება მარტო იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ რომ შევდივართ მოლაპარაკებების მაგიდებთან, რომ გამოვდივართ მერე ხელბორკილებს გვადებენ.

ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გაგრძელდეს საერთოდ რაიმე სახის მოლაპარაკება ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე, ამიტომ ეს მოლაპარაკებები დამთავრებულია, გადავდივართ მოქმედების სხვა მეთოდებზე, მათ შორის რა თქმა უნდა ქუჩის აქციები, რა თქმა უნდა პროტესტი, პიკეტირება, რეგიონებში გასვლაც იქნება იმიტომ, რომ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება.

"ფაქტობრივად, მოლაპარაკებების მაგიდაზე მყოფი გიგი უგულავა იქნა დაკავებული, ეს ყოვლად მიუღებელია მოლაპარაკებათა პროცესში. დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ სამოქმედო გეგმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები. განვიხილავთ რამდენიმე ვარიანტს.

მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება ამ მიმართულებით. ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ ოპოზიციას ყოველთვის სურდა მოლაპარაკება. ავიღოთ ეს ოთხი რაუნდი, თქვენ ნახეთ, რომ ხელისუფლება იძახდა, ჩვენ არ ვილაპარაკებთ არაფერზე, მაგრამ მოუწიათ ლაპარაკი, ჩვენ არ დავთმობთო, მაგრამ მოუწიათ გარკვეული დათმობა?!" - აცხადებს პაატა დავითაია.

დღის ამბები