04 მაისი 2024,   19:03
ვრცლად
ახალშობილის გაყიდვის ფაქტი თბილისში - მშობიარე ქალი კლინიკა "ბაიებში" ფიქტიური დოკუმენტების გამოყენებით მიიღეს

ახალშობილის გაყიდვის ფაქტი თბილისში - კლინიკა "ბაიების" გენერალური დირექტორი და მთავარი ექიმი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

"კურიერი" დაინტერესდა, დაიკითხა თუ არა თავად კლინიკის დირექტორი, ჩატარდა თუ არა კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები, ასევე როგორ მოხდა, რომ მშობიარე ქალი კლინიკაში ფიქტიური დოკუმენტების გამოყენებით მიიღეს.

მედიასთან კომენტარი მხოლოდ კლინიკა "ბაიების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. მან კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებული მედიკოსები ამ კლინიკის თანამშრომლები არიან, თუმცა დაადასტურა ის, რომ ქალმა საკეისრო კვეთა ნამდვილად მათ კლინიკაში გაიკეთა.

"კლინიკა "ბაიებში" იმშობიარა ქალმა. ჩვენ ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ ბავშვის გასხვისების ფაქტს. მშობიარემ დატოვა ტერიტორია ახალშობილთან ერთად. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. ჩვენი არც ერთი ექიმი ამ ფაქტზე დაკავებული არ ყოფილა. ეს ფაქტი კლინიკის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

რაც შეეხება იდენტიფიცირებას, ორსული შემოვიდა პასპორტით, რომელზეც იყო მისი ფოტო და მშობიარეს მდგომარეობიდან გამომდინარე ამ დეტალებზე არ მიდის ხოლმე საკეისრო კვეთისას საუბარი," - განაცხადა თამთა მაისურაძემ.

საქმეზე დაკავებული 7 პირი საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები