26 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
"შოთაძის დაბრუნება არის კიდევ ერთი შეცდომა და თავის დროზე მის ღირსეულ საქციელს უღირსს ხდის" - დიმიტრი ცქიტიშვილი

19 თვიანი პაუზის შემდეგ ირაკლი შოთაძე ისევ გენერალური პროკურორია. ის თანამდებობაზე 6 წლის ვადით პარლამენტის 82 წევრის მხარდაჭერით დაამტკიცეს.

სხდომას, რომელზეც ირაკლი შოთაძე მთავარ მბრალდებლად აირჩიეს, ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია არ ესწრებოდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ შოთაძის პოსტზე დაბრუნება მისივე ღირსეულ საქციელს უღირსს ხდის.

"დღეს მისი დაბრუნება არის კიდევ ერთი შეცდომა და თავის დროზე მის ღირსეულ საქციელს უღირსს ხდის. არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე პოზიტივს შემატებს ან მმართველ გუნდს ან პროკურატურას, ან ზოგადად, პროკურატურის სისტემას. მას არ ექნება რესურსი, რომ ნდობა და მხარდაჭერა მიიღოს საზოგადოებისგან,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი კი აღნიშნავს, რომ შოთაძის ერთადერთი ფუნქცია იქნება ბიძინა ივანიშვილის სქემებზე თვალის დახუჭვა.

"ეს ფუნქცია ექნება შოთაძეს, რომ ბევრი ადამიანის სქემაზე თვალი დახუჭოს, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის სქემებს ვგულისხმობ და ასევე, გაჯერებული იყოს პოლიტიკური კომპონენტითაც,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები