26 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომა უნდა ჰქონდეს - ლუიზა ვინტონი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საკვები პროდუქტების დიფიციტს და იქ არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი გამოეხმაურა.

ვინტონის განმარტებით, აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ხარისხიან სამედიცინო დახმარებაზე წვდომა ჰქონდეს.

"ძალიან შემაწუხებელი სიტუაციაა. ამ საკითხების განხილვა საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში უნდა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს ჯანდაცვის მიმართულებით. ხალხს უნდა ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ეს ბარიერები აღარ იარსებებს. ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა, რომ მოსახლეობამ უნდა მიიღოს ექიმების ადეკვატური და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები. ახლა ოკუპირებულ ზონაში ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელია, მაგრამ მათთვის ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს," - განაცხადა ლუიზა ვინტონიმ.

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სააგენტო "რესის" ინფორმაციით, ცხინვალში უკვე ერთი კვირაა რუსეთიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც სასურსათო მაღაზიები დაცლილია.

როგორც სააგენტო წერს, შემცირებულია ბავშვის საკვები და რძის პროდუქტები. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დარჩენილ პროდუქტებზე ახლო მომავალში ფასებიც გაიზარდოს. რეგიონში შექმნილ ვითარებას და აფთიაქებისთვის ქართულ წარწერიანი მედიკამენტების ჩამორთმევის ფაქტების შესახებ ქართული მხარე დიდი ხანია საუბრობს.

დღის ამბები