26 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
მედიატორთა ასოციაციის დაარსებასთან დაკავშირებით დღეს სამომავლო ხედვებსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს

საქართველოში მედიატორთა ასოციაციის დაარსებასთან დაკავშირებით დღეს ასოციაციაში სამომავლო ხედვებსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს. მათ შორის, მედიაციის გზით მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.

ასოციაციის მიზანი მესამე პირის მეშვეობით დავების გადაწყვეტის ხელშეწყობაა, ისე, რომ კონფლიქტი ურთიერთშეთანხმებით მოგვარდეს.

მედიაციის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს მიიღო, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო დავებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ნაკლები ფინანსური რესურსით, ნაკლები დროის განმავლობაში, წარმოქმნილი დავა მოაგვარონ.

"ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კონფლიქტში მყოფ მხარეებს, თავად გადაწყვიტონ ერთმანეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა. ეს არის მექანიზმი, რომელიც არის სასამართლო საქმის წარმოების ალტერნატივა, ნაკლები დროის დანახარჯის, ნაკლები ფინანსების დანახარჯის და ნაკლები მათ შორის კონფლიქტური სიტუაციების ხარჯზე მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას," - აცხადებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ მედიატორთა ასოციაციის დაარსება დავაზე დახარჯული ძალიან დიდი რესურსის ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა.

"უპირველეს ყოვლისა ეს არის დავის გადაწყვეტის მშვიდობიანი ფორმა, მარტივი, ეფექტიანი საშუალება და რა თქმა უნდა ეს შესაძლებლობას იძლევა დავაზე დახარჯული ძალიან დიდი რესურსის ეკონომია გაკეთდეს, ზოგადად ეს არ მოიცავს მხოლოდ ფინანსურ დანახარჯს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები