26 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
"ქალთა პოლიტიკური გაძლიერების პროგრამის” მონაწილე პარტიები განცხადებას ავრცელებენ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის "ქალთა პოლიტიკური გაძლიერების პროგრამის” მონაწილე პარტიები: "გირჩი", "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", "კონსერვატიული პარტია", "ლელო საქართველოსთვის", "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო", "სამართლიანობისთვის", "სამოქალაქო მოძრაობა", "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" - განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ, პოლიტიკური პარტიების ქალი წევრები, ვეხმიანებით ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებს საქართველოში. ფემიციდი ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა, რომელიც გულისხმობს ქალის მკვლელობას გენდერული ნიშნით.

2020 წლის პირველი თვენახევრის განმავლობაში ფემიციდის უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს საგანგაშო სტატისტიკაა. ოჯახური ძალადობა, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობა, წარმოადგენს არა მხოლოდ ქალების, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის ტრაგედიას. სანამ ქალებს ასე მარტივად კლავენ, ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით დემოკრატიულ საზოგადოებად, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია.

ამ პრობლემის საფუძველი სქესთა შორის მწვავე უთანასწორობაშია, რასაც სამწუხაროდ მყარად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოების მენტალიტეტში და რომლის დასაძლევადაც არ არის საკმარისი სახელმწიფოს მიერ მხოლოდ კანონმდებლობის შექმნა ან მისი აღსრულება.

ვფიქრობთ, ეს ის საკითხია, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური აქტორი და თავიანთი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გადადგან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები:

სახელმწიფომ მისი ყველა შტოსათვის გააძლიეროს პრევენციული და ეფექტური პოლიტიკა. კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, "სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.“  სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ღონისძიებათა გაცილებით ფართო სპექტრი, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა, რათა დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობის და უთანასწორობის პრობლემა საქართველოში.

ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ იმ როლს, რომელიც ეკისრება საზოგადოების თითოეულ წევრს ფემიციდის და ზოგადად - უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც განსაკუთრებით გვეკისრება პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს ქალთა როლის სათანადოდ გააზრებისა და წარმოჩენის მიმართულებით.

ამ მხრივ, ჩვენ მზად ვართ, დავგეგმოთ და გავატაროთ/გავაძლიეროთ შიდაპარტიული ღონისძიებები, ასევე საჯარო აქტივობები იმგვარად, რომ ხელი შევუწყოთ თანასწორობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების დამკვიდრებას როგორც საკუთრივ პარტიებში, ისე საჯარო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ პროცესებში.

მივმართავთ მედიას, რელიგიურ ინსტიტუციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც უდიდესი როლი აქვს საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, განსაკუთრებული სიფრთხილითა და მგრძნობელობით მოეკიდონ ფემიციდის შემთხვევებს, რათა არ წაახალისოს ეს სასტიკი დანაშაული, არამედ ხელი შეუწყოს შემდგომი ტრაგედიების პრევენციას.

უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეულმა ადამიანმა გავიაზროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და აქტიურად ჩავერთოთ ამ უთანასწორო ბრძოლაში. მხოლოდ ერთიანი, გულწრფელი ძალისხმევით შევძლებთ დავძლიოთ ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა და შევქმნათ რეალური თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული სახელმწიფო"- წერია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  "ქალთა პოლიტიკური გაძლიერების პროგრამის” მონაწილე პარტიების განცხადებაში.

დღის ამბები