26 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
ექსპერტები სირიის მოვლენებზე - "ეს ყველაფერი პირდაპირაც და ირიბადაც აისახება საქართველოზე"

სირიის სამთავრობო ჯარების ავიაიერიშებს, რომელსაც 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა, ოფიციალურმა ანკარამ საპასუხო დარტყმებით უპასუხა.

მსოფლიო თანამეგობრობა რეგიონში სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებას ცდილობს, რომელმაც, შესაძლოა, დიდ მასშტაბებს მიაღწიოს.

რა გავლენას მოახდენს სამხედრო დაპირისპირება თურქეთსა და სირია - რუსეთს შორის საქართველოზე და როგორი იქნება მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური შედეგები ოფიციალური თბილისისთვის  - "კურიერი" ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს ესაუბრა.

"თურქეთში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე მუშაობს და ისინი თურქულ ლირებში იღებენ ხელფასს, შესაბამისად, მათ საქართველოში გამოსაგზავნად ნაკლები თანხა ექნებათ. მეორე მხრივ, ეს არის უსაფრთხოების განზომილება, იდლიბის პროვინციაში იბრძვის 10 ათასობით  ჯიჰადისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ შორის არიან კავკასიური წარმოშობის მებრძოლებიც. იმ შემთხვევაში, თუკი იქ უპირატესობას ასადის რეჟიმი და რუსეთი მოიპოვებს, მათ მოუწევთ თურქეთში გადასვლა და იქედან, შესაძლოა, ისეთივე სურათი მივიღოთ, როგორიც იყო ჩატაევისა და მისი რაზმის შემთხვევაში," - განაცხადა "რონდელის ფონდის" მკვლევარმა, ზურაბ ბატიაშვილმა. 

ექსპერტი იმაზე საუბრობს, რომ რუსეთმა და თურქეთმა, ირანის მსგავსად, ურთიერთსაპირისპირო საკითხები დროებით თაროზე შემოდეს.

"რუსეთმა და თურქეთმა, ისევე, როგორც ირანმა, გარკვეული ურთიერთსაპირისპირო საკითხები დროებით თაროზე შემოდეს. მთელი რეგიონისთვის შეიძლება იყოს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი, თუკი ესკალაცია მოხდა," - აღნიშნა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, საჰაერო ძალების ყოფილმა სარდალმა, ამირან სალუქვაძემ.

ბათუ ქუთელიას განცხადებით, ამ თემაზე ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ნატო და აშშ.

"ბევრი რამ დამოკიდებულია სწორედ დღევანდელ და ხვალინდელ რეაგირებაზე, თუ რას გააკეთებს "ნატო" და ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი პირდაპირაც და ირიბადაც აისახება საქართველოზე, რადგან ჩვენ ამ რეგიონის განუყოფელი ნაწილი ვართ. აუცილებელია, ჩვენ აქტიური და დიპლომატიური ნაბიჯები გადავდგათ, "- განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ. 

დღის ამბები