10 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - როგორი იქნება ზარალი ექსპერტების ვარაუდით

კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა და კიდევ უფრო მძიმე შედეგებია მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირება.

"თავისუფალი უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაც, რომლებიც ნავთობზე არიან დამოკიდებული:

"ისედაც დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს საქართველოში და კიდევ უფრო შენელებით, შეიძლება მართლაც უარყოფითი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მოგეხსენებათ, ნავთობი ძალიან დაბლაა ჩამოსული, ეს მოქმედებს ისეთ ეკონომიკებზე ჩვენს სამეზობლოში, როგორიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი. აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩვენ ბევრი ტურისტი შემოგვდის, შეიძლება ტურისტების რაოდენობა მოგვაკლდეს. ამიტომ, ამას ექნება ჩვენ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა, ზუსტად როგორი და რამხელაა ამის ვარაუდი რთულია," - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას თქმით, თუ კორონავირუსის გავრცელების მიმდინარე ტემპი შენარჩუნდა, საქართველოს ეკონომიკას ყოველთვიურად 100-120 მილიონ ლარამდე ზარალი ელის. ექსპერტების თქმით, ეს მნიშვნელოვანი ზარალია, თუმცა არც იმ დონის, რომ ქვეყანაზე განსაკუთრებული ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

"სიტუაციის ამ ტემპში შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს ექნება დაახლოებით 100-120 მილიონი ლარის ყოველთვიური დანაკარგი, რაც ნამდვილად არის საქართველოსთვის დანაკარგი, თუმცა ეს, არ არის იმ მასშტაბის, რომელიც საქართველოში შექმნიდა პანიკის წინაპირობას და ხელს შეუშლიდა ბიზნესაქტიურობას ქვეყანაში," - განაცხადა ჭარაიამ.

დღის ამბები