26 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
COVID-19 საქართველოში - კლასტერებში შემავალი პირების რაოდენობა იზრდება

ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომლების ინფიცირებულთა ჯგუფი ყოველდღიურად იზრდება. დღეს კიდევ 1 პირს დაუდასტურდა COVID-19. პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ვირუსის დადასტურების შემდეგ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იზრდება ე.წ ლენტეხის კლასტერში შემავალი პირების რაოდენობაც. 53 წლის ინფიცირებული პაციენტის შემდეგ თბილისში დღეს კიდევ ერთი გადმოიყვანეს. COVID-19 5 წლის ბავშვს დაუდასტურდა და ბოჭორიშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ განაგრძობს მკურნალობას.

ამავე კლინიკიდან დღეს ორი პაციენტი გაწერეს, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია, რომელიც დედასთან ერთად იყო ბოქსირებულ განყოფილებაში. მეორე გამოჯანმრთელებული ამერიკის კლასტერიდანაა, რომლის ოჯახის წევრებიც ჯერ კიდევ COVID-19-ით ბოჭორიშვილის კლინიკაში რჩებიან.

დაუდგენელია 80 წელს გადაცილებული კაცის ინფიცირების წყარო. მას COVID-19 დღეს დაუდასტურდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსი შუახნის მამაკაცს ოჯახის წევრმა გადასდო, რომელიც მოლარეა და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თუმცა კორონავირუსი ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ აქვს. 80 წლის კაცი თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ამავე სამედიცინო დაწესებულებაში დღეს დამატებით 2 ახალი ინფიცირებული პაციენტი ჰყავთ. კრიტიკულია 81 წლის კაცის ჯანმრთელობა, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე აქვს ქრონიკული დაავადებები, რაც მის მდგომარეობას ართულებს.

ერთი ახალი პაციენტია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ახალგაზრდა კაცის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია, რომელიც ამავე კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით არის მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 ინფიცირებული პირია, აქედან საშუალო სიმძიმის მხოლოდ ერთის მდგომარეობაა.

თბილისში კორონავირუსი 112 პირს აქვს დადასტურებული. ცალკე აღირიცხებიან ის ინფიცირებული მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს გარეთ დაუდასტურდათ და შემდეგ შემოიყვანეს ქვეყანაში.  აქედან გამომდინარე, დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად აღირიცხება, ემატება სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ ოფიციალურ ვებგვერდზე ცალკე ჩამონათვალშია.

დღის ამბები