26 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
შეთანხმება საერთაშორისო დონორებთან და დახმარების სახით მიღებული 200 მილიონი

საერთაშორისო დონორებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად მობილიზებულ ფინანსურ რესურსს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, კონკრეტული დანიშნულება აქვს, თუმცა, სად დაიხარჯება თანხები ჯერჯერობით დეტალები გასაჯაროვებული არ არის.

პრემიერ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ვიცით, რომ ქვეყნის ბიუჯეტი აპრილის ბოლოსთვის 200 მილიონს მიიღებს. საბიუჯეტო საჭიროებების გარდა, საერთაშორისო დახმარების ბენეფიციარი მიზნობრივი პროგრამებიც იქნება. აუცილებლობის შემთხვევაში ფინანსური რესურსი დონორებს კერძო და საფინანსო სექტორისთვისაც აქვთ აკუმულირებული - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის პირველ შეხვედრაზე გააკეთა.

ჯგუფი დღეს შეიქმნა. მასში მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ეროვნული ბანკი მონაწილეობს. ჯგუფის ამოცანა, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ კონტექსტში, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სწორედ კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა და აღსრულებაა. მათ შორის, ფინანსური მიმართულებით.

გადაწყვეტილება, რომ საქართველო ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 450 მილიონ დოლარს მიიღებს, უკვე განთავსდა ფონდის ოფიციალურ გვერდზე. შეთანხმება სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მაისში უნდა დაამტკიცოს. პანდემიასთან გასამკლავებლად დაახლოებით 200 მილიონ დოლარს, საქართველოს ბიუჯეტი დაუყონებლივ მიიღებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაფინანსების ზრდა ხელს შეუწყობს სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას და სხვა დონორების თანხის მოზიდვას.

კრიზისული ბიუჯეტი რომ თითქმის მზადაა, ფინანსთა მინისტრმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ კონკრეტული მონაცემები ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება. ფინანსთა მინისტრმა იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც ქვეყნის მთავარმა საფინანსო დოკუმენტმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში განიცადა.

ვინ უნდა გახდეს მობილიზებული ფინანსური რესურსების ბენეფიციარი და რომელ სფეროებში უნდა მოხდეს თანხობრივი ინექცია? ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები ამ კითხვაზე პასუხისას თანხმდებიან, რომ ფინანსური რესურსები სოციალურ პაკეტებსა და ეკონომიკას უნდა მოხმარდეს. ასევე ხაზს უსვამენ, პოსტკრიზისული პერიოდის მნიშვნელობასაც. ანალიტიკოსების ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე უნდა გამოკვეთოს ისეთი ეკონომიკური სფეროები, რომელთა დისტანციურად ფუნქციონირება შესაძლებელია.

დონორებთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, მომდევო ეტაპი, როგორც პრემიერ მინისტრი ამბობს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმაა. მმართველი გუნდი დეტალების გასაჯაროვებას უახლოეს დღეებში აანონსებს.

დღის ამბები