03 მაისი 2024,   17:07
ვრცლად
COVID-19-თან ბრძოლის პირობებში შესაძლებელი გახდა, ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა პირდაპირი ინსტრუმენტებით - მარიამ ქვრივიშვილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საქართველომ შეძლო, ტურიზმის სფეროსთვის პირდაპირი ინსტრუმენტებით დაეჭირა მხარი. 

"კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიო ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. სამწუხაროდ არც საქართველოა გამონაკლისი ამ ობიექტური თუმცა ნეგატიური მიზეზის გამო. 

2020 წელი უდაოდ იქნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლების მქონე ტურისტული წელი ჩვენი ქვეყნისთვის რის მისაღწევადაც ჩვენ ყველამ ერთად თავდაუზოგავად ვიშრომეთ გასულ, 2019 წელს. საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ინერციით რომ არ იზრდება ეს ძალიან რთულმა, 2019 წელმა განსაკუთრებით ნათლად დაანახა ყველას ვინც მუდმივად ცდილობდა ამ “შეხედულებით” ინდუსტრიის დაკნინებას.

რა ხდება ახლა -  შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ უცნობია ის ფაქტი რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის ადმინისტრაცია კარანტინების პროექტის მართვით არა მხოლოდ ასრულებს მნიშვნელოვან როლს COVID-19 ბრძოლაში, არამედ ამ პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა, ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერა პირდაპირი ინსტრუმენტებით:

83 სასტუმროს  სრული დატვირვით ფუნქციონირება;

დასაქმებულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული 2,500 ადამიანზე მეტი მთელი საქართველოს მასშტაბით;

მუდმივ გამოყენებაშია სოფლის მეურნეობის პროდუქტები;

ჩართულია სხვადასხვა ბიზნესი - სატრანსპორტო, ქეითერინგი და ა.შ.

ეს არის ზუსტად ის რაც ახლა სჭირდება ტურიზმის ინდუსტრიას. მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი შესაძლებლობები შემოსავლების მიღების ახლა და ამჟამად (რომ არაფერი ვთქვათ იმ საშეღავათო პირობებზე რომელიც საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეიმუშავა - საგადასახადო თუ სესხების სუბსიდირების კუთხით). დიდი მადლობა ეკუთვნით კარანტინის პროექტში ჩართულ უკლებლივ ყველა სასტუმროს რადგან ისინი არა მხოლოდ გვერდში დაუდგნენ ქვეყანას და გამოიჩინეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ პროექტის მეშვეობით განაგრძეს თანამშრომლების დასაქმება და მათთვის ხელფასების შენარჩუნება. 

რაც შეეხება მომავალს, სამწუხაროდ რთული რამდენიმე თვე იქნება თუმცა ეს პესიმისტური განწყობის შექმნას არ ნიშნავს! საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია რომ ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც სწორ დროს მოიზიდავს სასურველ, მხარჯველუნარიან ტურისტებს - ეს ნათელი და ცხადია.

ყველაფერი კარგად იქნება. ახლა მთავარია დავრჩეთ სახლში და არ ვიყოთ უნებლიე ვირუსის იმპორტიორები ან გამავრცელებლები. ამ ყველაფრის შემდგომ, ტურიზმის ინდუსტრიისთვის და მოგზაურიებისთბის მთავარი უსაფრთხოების ინდექსი და მთავრობების სწორი გატარებული პოლიტიკა იქნება რაშიც საბედნიეროდ , საერთაშორისო არეალზე მოწინავეა საქართველო."- ნათქვამია მარიამ ქვრივიშვილის განცხადებაში. 

დღის ამბები