04 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
რომ არა იმ ადამიანების თავდადება, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, დღეს ბევრად მძიმე შედეგები გვექნებოდა - თბილისის მერი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ გატარებულ ღონისძიებები გააცნო. 

კახა კალაძემ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების თანამშრომლებს, მედიკოსებს და სხვა უწყებების წარმომადგენლებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

"სამწუხაროდ, უკვე ჩვეულ ფორმატად იქცა ერთმანეთს შევხვდეთ ონლაინ და ვისაუბროთ მტერზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მსოფლიო. ჩვენ ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, თუმცა როგორც ყველა ბრძოლას, ამ ბრძოლასაც აქვს თავისი წესები. მისი დაცვა, გათვალისწინება აუცილებლად ზედმიწევნით უნდა მოვახერხოთ, რაც გამარჯვების უპირობო საწინდარია. უკვე თვეზე მეტია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რამაც დარტყმა მიაყენა სხვადასხვა სექტორს და სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლა დღეს ბევრი მიმართულებით გვიწევს და რომ არა იმ ადამიანების თავდადება, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი – გმირობა, რომლებიც ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ჩუმად, თავდაუზოგავად, დღეს ბევრად მძიმე შედეგები გვექნებოდა. პირველ რიგში, ეს ეხება მედიკოსებს, ეპიდემიოლოგებს, საპატრულო პოლიციის ბრიგადებს, მესაზღვრეებს. მადლობა მათ პროფესიონალიზმისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა საწყის ეტაპზევე დაიწყო იმისთვის, რომ ქვეყანა რთული მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგით გამოსულიყო.

"მადლობას ვუხდი "თბილსერვისისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომლებს ყოველდღიური, მძიმე დატვირთული შრომისთვის; გამგეობების წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, მერიის უსაფრთხოების სამსახურს, მოხალისეებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, კერძო კომპანიებს და განსაკუთრებით თითოეულ იმ მოქალაქეს, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნია, ერთი ლარით მაინც დახმარებოდა გასაჭირში მყოფ ადამიანს", – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ შექმნილ ვითარებაში, 2020 წელს დედაქალაქში ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა. 

"გახსოვთ ალბათ, როგორ დავიწყეთ ახალი 2020 წელი – პრეზენტაციით თბილისის განვითარების სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვქონდა და გვაქვს მართლაც ამბიციური მიზნები ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ, რასაც აუცილებლად მოვიყვანთ სისრულეში. მაგრამ დღეს თბილისის მერიის გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანი მიმართულია ჩვენი მოქალაქეებისკენ – მარტოხელა მოხუცებისკენ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისკენ, ბაღების აღსაზრდელებისკენ. მესმის, რომ არ არის მარტივი არსებულ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო", – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დღის ამბები