26 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
განახორციელა თუ არა პოლიციელმა ზეწოლა არასრულწლოვანზე - ოჯახის მტკიცებით, 13 წლის გოგომ თვითმკვლელობა სცადა

ოჯახის წევრების მტკიცებით, 13 წლის გოგონა სამართალდამცველის ძალადობის შემდეგ გადახტომას და თვითმკვლელობას ცდილობდა. შემთხვევა ტყიბულის რაიონში მაშინ მოხდა, როდესაც ასატუროვების ოჯახმა კონფლიქტის ნიადაგზე სახლში პოლიცია გამოიძახა.

დაზარალებული არასრულწლოვანი, რომელიც ოჯახის წევრების ჩხუბს შეესწრო ყვება, რომ მას შემთხვევის ადგილის დატოვება ინსპექტორ-გამომძიებელმა ეკა ისაკაძემ მოსთხოვა და  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

არასრულწლოვანის ბებიის მტკიცებით, ის ბავშვზე განხორციელებული ძალადობის თვითმხილველია. მარინა ასატუროვა ირწმუნება, რომ ინსპექტორ-გამომძიებელი ბავშვს დაკავებით ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში ასატუროვებმა პოლიციელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართეს, თუმცა მათი მტკიცებით, ზეწოლა ამის შემდეგ ოჯახზე ტყიბულის პოლიციის უფროსმა დაიწყო. დაზარალებული 13 წლის ბავშვის ოჯახის წევრები უკვე ერთი თვეა გამომძიებლებისთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვენ. 

ინსპექტორ-გამომძიებელი ეკა ისაკაძე მუშაობას ტყიბულის პოლიციაში ამ დრომდე აგრძელებს. მომხდართან დაკავშირებით ის ვრცლად არ საუბრობს, თუმცა ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის საგამოძიებო უწყებას დეტალური ჩვენება მისცეს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით თვეზე მეტია იძიებს, საქმის მთავარი ფიგურანტი პოლიციელი, ამ დრომდე დაკითხული არ არის.

დღის ამბები