26 აპრილი 2024,   18:33
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ჰყოფნის თუ არა მანდატები მმართველ პარტიას და ვისი დახმარებით შეიძლება შეგროვდეს საჭირო 113 ხმა

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ხმა არ მისცა არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჰყოფნის თუ არა მანდატები მმართველ პარტიას და ვისი დახმარებით შეიძლება შეგროვდეს საჭირო 113 ხმა?

​საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის დღისთვის 149 დეპუტატი იქნება. 1 დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში ჯერჯერობით ვერ შედის. 149-დან 93 უმრავლესობის წევრია - 59 ფრაქცია "ქართული ოცნება", ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები" – 6 წევრი, ფრაქცია "ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის" – 6 წევრი , ფრაქცია "ქართული ოცნება - მწვანეები" – 6 წევრი , ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა" – 10 წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" – 6 წევრი.

რაც შეეხება ოპოზიციას - ევროპულ საქართველოს პარლამენტში ჰყავს 19 დეპუტატი, აქედან ფრაქცია "ევროპული საქართველო" – 6 წევრი, ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 7 წევრი და "ევროპული საქართველო - რეგიონები" – 6. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში  – 7 დეპუტატი ირიცხება.. ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" - 7 წევრი. კიდევ ერთი ფრაქცია, რომელიც ქართული ოცნებიდან წასული დამოუკიდებელი დეპუტატებით არის დაკომპლექტებული ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" – 6 დეპუტატს აერთიანებს. საკანონმდებლო ორგანოში არის კიდევ 17 დეპუტატი, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრი, მოგროვდება 93 ხმა, უკვე ცნობილია რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ "დამოუკიდებელი დეპუტატები" ანუ დამატებით 6, და "პატრიოტთა ალიანსი" კიდევ 7 - ეს არის 106 ხმა. დარჩენილი 7 ხმის მოპოვება შესაძლებელია უფრაქციო დეპუტატებთან, მით უმეტეს ცნობილია წინასწარ, რომ ისინი მხარს უჭერენ ცვლილებებს: ასეთი 7 დეპუტატი შეიძლება იყოს ეკა ბესელია, თამარ ჩუგოშვილი, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, თამარ ხულორდავა და ზაზა ხუციშვილი - ამ მოცემულობით ივლისის დასაწყისში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება სრულიად რეალური იქნება.

დღის ამბები