26 აპრილი 2024,   13:56
ვრცლად
ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს ბრალი წარედგინა - მას სამოქალაქო აქტივისტი ძალადობაში ადანაშაულებს 

ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ბრალი წარედგინა. გამოძიება მას 126-ე მუხლის პირველით გათვალისწინებულ დანაშაულს, ძალადობას ედავება.

მასთან ერთად ბრალი წარედგინება წითელი ჯვრის მოხალისეს დათო ღურწკაიასაც. ბათლომე შელია პოლიციის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

საუბარია რამდენიმე კვირის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მის განეიტრალებას ცდილობს. ბათლომე შელია ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ის თავად ზარანდიასგან წითელი ჯვრის მოხალისეების დაცვას ცდილობდა. მისივე თქმით, როსტომ ზარანდია წითელი ჯვრის მოხალისეებს ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ბათლომე შელიასთან ერთად საქმეში ფიგურირებს დათო ღურწკაია, რომელიც პანდემიის პირობებში სხვებთან ერთად აქტივობებში იყო ჩართული. პოლიციის სამმართველოსთან "ევროპული საქართველოს" წევრი დეპუტატი ლელა ქებურია და მხარდამჭერები იმყოფებიან.

ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო უახლოეს 48 საათში იმსჯელებს. დაცვის მხარეს საქმის მასალები უკვე გადაეცა.

დღის ამბები