26 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
26 მაისი მსურს განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენი ქვეყნის ვეტერანებს - ირალი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და ექიმებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მისალოცი სიტყვის დროს ხაზი გაუსვა საქართველოს ღირსეულ ბრძოლას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ. მისი თქმით, უდიდესი წვლილი ამ ყველაფერში, როგორც თავდაცვის ძალის წარმომადგენლებს და ექიმებს, ასევე მთელს საზოგადოებას მიუძღვის.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსურს მივულოცო ყველას. ყველას ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენც ქვეყანას. ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის ისტორიაა, რომელსაც გმირებმა შესწირეს თავი. გმირებმა, რომელთაც ერთი წუთითაც არ უფიქრიათ დაეთმოთ ყველა ქართველი პატრიოტის ოცნება. თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ სწრაფვა.

ჩვენ ქედს ვიხრით მათი გმირობისა და თავდადების წინაშე. საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებზე და მათ თავგანწირვაზე.

ჩვენ დღეს გამოვხატავთ პატივისცემას იმ წინაპრების წინაშე, ვინც თავისუფლება მოგვაპოვებინა და შექმნეს იმ ეპოქისთვის ევროპაში თვალსაჩინო დემოკრატიული სახელმწიფო. საუკუნის მერეც ეს ყველაფერი გვაძლევს ძლიერ მუხტს. დღეს ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად აგრძელებენ წინაპრების მხედრულ ტრადიციას, რომელიც ღირსეულ და მებრძოლ სულს ემყარება.

თქვენ ხართ თანამედროვე ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ძლიერი საყრდენი და მტკიცედ იცავთ ჩვენს სამშობლოს ხილულ თუ უხილავ მტერთან ბრძოლაში. საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიურად განამტკიცებენ სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს.

განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი დაუმარცხებელი დაჭრილი მებრძოლები, რომელთა მიმართ მზრუნველობა ჩვენი პასუხისმგებლობაა. ისინი თავიანთი ცხოვრების ჯანმრთელობის დაზიანების მიუხედავად აგრძელებენ ქვეყნის სამსახურში ყოფნა.

26 მაისი მსურს განსაკუთრებულად მივულოცო ჩვენი ქვეყნის ვეტერანებს. ჩვენ ვალში ვართ თქვენი დამსახურების წინაშე.

ჩვენს ერთიანობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომას და მხარდაჭერას. აშშ-ს, ევროკავშირის, ნატოს მხარდაჭერას და თანადგომას. ჩვენი საამაყო სამხედროები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში იბრძვიან არიან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და არიან სამაგალითოები. მე მინდა მათაც განსაკუთრებულად მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

ჩვენი სახელმწიფოს წარმატება მუდმივად იყო კავშირში ჩვენს ერთიანობასთან და სიმტკიცესთან.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი გამოწვევაა, საქართველოს პასუხი იყო ერთ-ერთი ღირსეული.

ჩვენი პროფესიონალი ექიმების, სამხედროების, საზოგადოების და ხელისუფლების ძალისხმევით დავამარცხებთ უხილავ მტერს და კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოვალთ ამ კრიზისიდან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დღეს!"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები