26 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ამ უმძიმეს მდგომარეობაში არაფრის მომცემი იყო ბატონი გახარიას გამოსვლა - ირაკლი აბესაძე

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერის გამოსვლა და წარმოდგენილი ანგარიში "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ "დღის კურიერის" ეთერში შეაფასა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი გახარიას გამოსვლას არაფრის მომცემს უწოდებს:

"ამ უმძიმეს მდგომარეობაში არაფრისმომცემი იყო ბატონი გახარიას გამოსვლა, რომელსაც საერთოდ არ უსაუბრია კონკრეტულ გეგმებზე, თუ რა გააკეთეს ამ მიმართულებით, რომ ადამიანები სიღარიბიდან ამოვიყვანოთ," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძემ კომენტარი გააკეთა საპენსიო ფონდის უკან დაბრუნების ინიციატივასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაზე, რომ საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია. აბესაძის თქმით, სწორედ საპენსიო ფონდის უკან დაბრუნება იქნებოდა რეალური დახმარება მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და თავად სახელმწიფოსთვისაც.

"ეს არ არის არგუმენტი, ის სამარცხვინო, არაფრისმომცემ 200 ლარიან დახმარებას სთავაზობს ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს. პრემიერის თქმით, საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და ეს არ უნდა დავუბრუნოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ გამოვართვით ფული. ასეთ მძიმე ვითარებაში მთავრობამ შემოგვთავაზა, რომ ასეულობით მილიონი ლარი დავარეზერვოთ და ვანდოთ მთავრობას განსაკარგავად," - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში პრემიერის მორიგი სტუმრობისას, რომელიც ოპოზიციის მიერ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით დაბარებას უკავშირდება, მთავარი თემა კვლავ კრიზისში მყოფი ეკონომიკა და მოქალაქეები იქნებიან. ირაკლი აბესაძის კრიტიკის სამიზნე გახდა ხელისუფლების გეგმა დეველოპერული სექტორის დახმარებასთან დაკავშირებითაც:

"თემა რჩება იგივე, ეკონომიკური ხედვის არარსებობა, ვეცდებით, რომ პრემიერი დავარწმუნოთ და ვამხილოთ, რომ ბევრი ფაქტობრივი ტყუილი თქვა. მთავრობა გვთავაზობს, რომ მათ, ვისაც იპოთეკური სესხის აღების და არაფრის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს, დაუფინანსონ სესხის პროცენტი იმათ, ვინც იპოთეკური სესხი აიღო და ახალი ბინა შეიძინა," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანისთვის თანაბარი დახმარება იქნება გადასახადების რეალური შემცირება და ეს არც კორუფციის ეჭვებს დატოვებდა, რასაც მთავრობის მიერ შემოთავაზებული გეგმები აჩენს.

დღის ამბები