26 აპრილი 2024,   20:45
ვრცლად
სავარაუდოდ, ინფიცირების პირველწყარო ჩემი კოლეგაა - ამირან გამყრელიძე ე.წ. საბურთალოს კლასტერზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ე.წ საბურთალოს კლასტერის შესახებ ისაუბრა, რომელიც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისგან შედგება. ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების წყარო სავარაუდოდ მედიკოსი იყო, რომლისგანაც კორონავირუსი ოჯახის წევრებს გადაედოთ. გამყრელიძის თქმით მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა და მათი რიცხვი სავარაუდოდ 50-მდეა.

"არის ერთი ოჯახი და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები, ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში.

მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია იღებენ დამატებით კიდევ ბიოლოგიურ ნიმუშებს და ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება, პირველი შემთხვევა გამოვლინდა გუშინ წინ და მათ კონტაქტებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, მან არ დაასახელა, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა ინფიცირების სავარაუდო წყარო მედიკოსი. მისი თქმით სამუშაო ადგილზე შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ტარდება, თუმცა იქ კარანტინის აუცილებლობა არაა. დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე არ დააკონკრეტა კორპუსის მისამართი და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ კორპუსი საბურთალოზეა და შესაბამისი კვლევები და სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები