04 მაისი 2024,   01:05
ვრცლად
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები - ფლოიდი და მის სიკვდილში ბრალდებული პოლიციელი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ტელეკომპანია CBS-ი იტყობინება, ფლოიდი და მის სიკვდილში ბრალდებული სამართალდამცველი დერეკ შოვინი, ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ერთად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ.

ჯორჯ ფლოიდის ოჯახი მიიჩნევს, რომ 25 მაისის ღამეს მომხდარი ინციდენტი, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა, ნაწილობრივ პირადი მოტივით იყო განპირობებული, რის გამოც, მათ ბრალდების გადაკვალიფიცირება სურთ და მესამეს ნაცვლად, პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლს მოითხოვენ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი, თომას ლეინი გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, თომას ლეინმა ციხე მას შემდეგ დატოვა, რაც 750 000 დოლარი გადაიხადა. პოლიციელის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღა შეერთებულ შტატებში არ ცხრება. დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა ვაშინგტონის შტატის ხელმძღვანელებს ოფიციალურად მიმართა. დონალდ ტრამპის თქმით, თუ შტატების მესვეურები აქციების აკრძალვისთვის საჭირო რეგულაციებს არ გაატარებენ, თავად მიიღებს ფედერალურ ზომებს.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები