04 მაისი 2024,   00:51
ვრცლად
მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ​სავალდებულო სტანდარტები უკვე შემუშავებულია​ - ეროვნული მუზეუმი 20 ივნისს იხსნება

მთავრობამ იმ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა, ვისაც სავალდებულო ტესტირების გავლა მოუწევს. ნუსხის შესახებ ინფორმაცია, Stopcov.ge-სა და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე დევს. 

ცნობილი ხდება, რომ შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად, მუშაობას მუზეუმებიც განაახლებენ.

სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება, მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია.

"გახსნისთვის ყველა მუზეუმი მზად არის. მაგალითად, ეთნოგრაფიული მუზეუმი 20-დან უკვე მიიღებს სტუმრებს. რაც შეეხება დახურულ სივრცეებს, მათი გახსნა ეტაპობრივად მოხდება. ახლა გავივლით კონსულტაციებს თანამშრომლებთან და ისე არ ვიზამთ, რომ მნახველებს კომფორტული პირობები არ დავახვედროთ," - განაცხადა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რომელიც მუზეუმში მისულმა სტუმრებმა უნდა შეასრულონ.

"საგამოფენო დარბაზებში დამთვალიერებლები პირბადეების გარეშე არ დაიშვებიან, ასევე, მათი გარკვეული რაოდენობის შესვლა დასაშვები იქნება რამდენიმე კვადრატულ მეტრზე. სტუმრებს მოუწევთ დეზობარიერის გავლა, რომელიც მათთვის საგანგებოდ იქნება მომზადებული.

ამასთან დარბაზები ეტაპობრივად დაიტვირთება. ექსპონატებსა და ამ სამუზეუმო საგანძურს მაშინ აქვს ფასი, როდესაც მას ადამიანები ათვალიერებენ," - აღნიშნავს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით კი, მუზეუმების ეტაპობრივი გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად შეასრულებენ ისინი მოცემულ რეკომენდაციებს.

"უკვე დამტკიცებულია სექტორული რეკომენდაციები და პროტოკოლი. მუზეუმების ეტაპობრივი გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად შეასრულებენ ისინი მოცემულ რეკომენდაციებს," - აღნიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი.

დღის ამბები