04 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
დექსამეტაზონზე მოთხოვნა იზრდება - რა წარმატება აქვს მედიკამენტს კორონავირუსთან ბრძოლაში

"დექსამეტაზონი" COVID-19-ის სამკურნალო ნომერ პირველ პრეპარატად დაამტკიცეს. კვლევა ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც მედიკამენტი მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 40-დან 28 პროცენტამდე ამცირებს.

მკვლევარები ამბობენ, რომ მედიკამენტის მცირე დოზასაც კი შეუძლია კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძველი მედიკამენტის ახალი ფორმით გამოყენებას მიესალმება და მეტი სიცხადისთვის კვლევის სრულ და დეტალურ ანალიზს ელოდება.

ბრიტანელი მეცნიერების კვლევები საქართველოში არ უკვირთ, რადგან "დექსამეტაზონს" კოვიდ ინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში თავიდანვე იყენებდნენ, თუმცა პრეპარატს მისი გამოყენების ფორმები აქვს - მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ ვირუსის გავლენით ადამიანს ძლიერი ანთებითი პროცესი აქვს. მედიკამენტი არ გამოიყენება კოვიდის ჩვეულებრივი ფორმების დროს, რადგან ვირუსი ხანგრძლივდება და ისეთი პაციენტების შემთხვევაში, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, ასეთ დროს ჯანმრთელობა კიდევ უფრო მძიმდება.

"დექსამეტაზონი" ანტივირუსული პრეპარატების ჯგუფს არ მიეკუთვნება. იგი ანთების, რევმატოიდული და ალერგიის საწინააღმდეგოდ, ასევე ბავშვებში ცრუ კრუპის შემთხევაში გამოიყენება. ჰორმონის ჯგუფის პრეპარატზე ჯერჯერობით დამატებითი კვლევები არ ჩატარებულა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის დროს პრეპარატის თვითნებურად, პრევენციის მიზნით გამოყენება იმუნიტეტს ასუსტებს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 

სპეციალისტები მყარ მტკიცებულებებს ითხოვენ იმისთვის, თუ რამდენად გაამართლებს ყველასთვის ხელმისაწვდომი პრეპარატი კოვიდ ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობის შემთხვევაში. იმუნოლოგების თქმით, იმისათვის, რომ მედიკამენტი კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგოს, ერთი კვლევა საკმარისი არ არის.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის წინააღმდეგ არც ახალი პრეპარატი და არც ვაქცინა არ გაქვს, მეცნიერები უკვე არსებული მედიკამენტების ცდის პროცესში არიან. პრეპარატი "დექსამეტაზონი" სამედიცინო პრაქტიკაში 60-ანი წლებიდან გამოიყენება.

 

დღის ამბები