03 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
მილიონობით ლარი იხარჯება პერსონა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად - ირაკლი აბესაძე ლობისტების წერილზე

"ქართული ოცნების" ლობისტების განცხადებას 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ იმ სტრატეგიულ დოკუმენტზე, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ არის მოხსენიებული, ოპოზიცია გამოეხმაურა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ლობისტების წერილი ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციას ვერ აღადგენს. 

"ვფიქრობ, რომ მისი იმიჯი ბოლომდეა დაზიანებული და სინამდვილეში ყველა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ელოდებიან როგორი იქნება წინასაარჩევნო გარემო, როგორ ჩატარდება არჩევნები და თუ ეს არჩევნები არ იქნება საქართველოს მოქალაქეების ნების გამოხატულება, რა თქმა უნდა, უფრო მძიმე იქნება მათი ქმედებები. ლობისტური კომპანიების განცხადება არაფერი იმიჯის ასამაღლებელი ქმედება არ არის,"-განაცხადა ხატია დეკანოძემ.

დროისა და ფულადი რესურსის ფუჭად ფლანგვას მიიჩნევს საკითხში ლობისტების ჩარევას "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.

"პარტია "ქართული ოცნებაც" და ხელისუფლებაც ხარჯავს მილიონობით ლარს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვხედავთ, რომ ხარჯავს ამას მხოლოდ და მხოლოდ პერსონა ბიძინა ივანიშვილის დასაცავად და იმ ფუნდამენტური პრობლემების დასამალად, რომელიც ქვეყნის შიგნით არის და რომელსაც ცხადად და კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მწვავე პრობლემები პირობებში, ცარიელი ფურცლებით და ქაღალდებით სცადო კონგრესმენებს შეუცვალო მოსაზრება, არის ფუჭი ფლანგვა როგორც ფინანსების, ასევე დროითი რესურსის, და აჩვენებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სრულად ამოწურა ხელისუფლებაში ყოფნის რესურსი,"-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლობისტების განცხადება 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ იმ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთი სასარგებლოდ დესტაბილიზაციის წყაროდ არის მოხსენიებული.

წერილში საუბარია, რომ მოსაზრებები უსაფუძვლოა, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველო დასავლურ ალიანსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ელის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

იქამდე, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს. 

დღის ამბები