03 მაისი 2024,   00:20
ვრცლად
მმართველი პარტიის მორყეული ავტორიტეტის აღდგენას კონკრეტული ნაბიჯები სჭირდება და არა წერილების გაგზავნა - დიმიტრი ცქიტიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ლობისტების გამოყენება კონგრესმენების განწყობის შესაცვლელად არასწორია და  ამისთვის ხელისუფლებამ კონკრეტული, პროდასავლური ნაბიჯები უნდა გადადგას. 

"ის, რომ დღეს კონგრესში მზარდია კრიტიკა "ქართული ოცნების" მიმართ და ამის შემაკავებელი ფაქტორები უკვე აღარ მუშაობს და, თუნდაც, საპირისპირო ლობი ახერხებს ასეთი ფრაზების ჩაწერას ასეთ დოკუმენტებში, ეს უკვე მანიშნებელია იმის, რომ სერიოზულადაა მორყეული მმართველი პარტიის ავტორიტეტი. ამას სჭირდება არა წერილები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობდა ქვეყანაში, არ ტოვებს პროდასავლური ქმედების შთაბეჭდილებას, ანუ არ ვფიქრობ, რომ სწორია ასეთი წერილები იგზავნებოდეს ლობისტების მხრიდან, არამედ მთავრობიდან და მმართველი პარტიიდან,"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლობისტების განცხადება 13 კონგრესმენის მიერ მომზადებულ იმ სტრატეგიულ დოკუმენტს ეხება, სადაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ და რუსეთი სასარგებლოდ დესტაბილიზაციის წყაროდ არის მოხსენიებული.

წერილში საუბარია, რომ მოსაზრებები უსაფუძვლოა, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, საქართველო დასავლურ ალიანსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ "ქართული ოცნება" ელის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

იქამდე, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც "პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული". ანგარიშს ხელს 13 კონგრესმენი აწერს და ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვს. 

დღის ამბები