28 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ Facebook-ის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართა

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოდან Facebook-ს ღია წერილით მიმართავს. ავტორები სოციალური ქსელის ადმინისტრაციას სთხოვენ, რომ მოახლოებული არჩევნების წინ, ფეისბუქის დეზინფორმაციისთვის გამოყენების საკითხით დაინტერესდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ შესაძლოა თანასწორი საარჩევნო გარემო დაზიანდეს, რაც დემოკრატიას და საქართველოს დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს საფრთხეს უქმნის. ღია წერილში მოყვანილია მაგალითები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წევრების ინფორმაციით, ანონიმური გვერდებით კონკრეტული ჯგუფები ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენას. ასევე, მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია ყალბი ექაუნთების გაუქმებაზე, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად კავშირში იყო ოპოზიციასთანაც. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა საქართველოში, ისევე, როგორც ეს მოხდა 2019 წელს უკრაინაში და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნების წინ. მოთხოვნების ჩამონათვალშია, აიკრძალოს უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან პოლიტიკური რეკლამის განთავსებაც.

"2019 წლის არჩევნებზე უკრაინაშიც აამოქმედეს ეს მექანიზმი და პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს იმას, რომ განთავსებული პოლიტიკური რეკლამის შესახებ მეტი გამჭვირვალობა არის, მათ შორის, რეკლამის დამკვეთის და ფულის გადამხდელის თანხის რაოდენობის, ვალუტის, რეკლამის განთავსების დროის პერიოდის. ამ ინფორმაციების შესახებ უფრო მეტ საჯაროობას უზრუნველყოფს,"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები