11 მაისი 2024,   00:03
ვრცლად
"გამჭვირვალობის" კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნა ევროპარლამენტის რეზოლუციაში - როგორ აფასებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროპელი დეპუტატების პოზიციას

"გამჭვირვალობის" კანონპროექტის უკან გაწვევის მოთხოვნა ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" "უსამართლო და შეურაცხმყოფელია". დოკუმენტს, რომელიც სახელისუფლებო გუნდის თქმით, საქართველოს ევროპულ ღირებულებებს ეჭვქვეშ აყენებს, ხელისუფლებისთვის ჩალის ფასი აქვს.

"არგუმენტები ვერ სახელდება, ყველა ამ განცხადებებში ერთადერთი, რაც გვესმის, რომ თითქოს ეწინააღმდეგება რაღაც ღირებულებებს, დააკონკრეტონ მაინც რა ღირებულებებზე არის საუბარი" - პარლამენტის თავმჯდომარე იმ რეზოლუციის შინაარსზე საუბრობს, რომელიც გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტებს ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს როგორც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ამავდროულად სააკაშვილის გათავისუფლებას. "ქართულ ოცნებაში" მიღებულ რეზოლუციას რამდენიმე ევროპარლამენტარის პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირებენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ რეზოლუციის შინაარსი რამდენიმე ევროპარლამენტარის და "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების დამსახურებით მიიღეს. მსგავს პროექტებს კი საქართველოსთვის ფასი არ აქვს.

მმართველ გუნდს, ევროპარლამენტარების გარდა კითხვები ოპოზიციასთანაც აქვს. იზიარებენ თუ არა ოპონენტები რეზოლუციაში გაწერილ იმ პუნქტს, რომელიც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის უკან გაწვევას გულისხმობს. ოპოზიციაში კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეზოლუციის შინაარსი მათთვის მისაღებია.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დღეს ვრცლად ისაუბრა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2 წლის წინანდელი პროცესი ისევ მეორდება, რაც გაუგებარი და მიუღებელია.

425 ხმით 25-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია ორი დღის წინ მიიღო. მხარდაჭერისგან თავი 30-მა ევროდეპუტატმა შეიკავა. რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უკვე გასაჯაროვდა.

 

დღის ამბები