10 მაისი 2024,   07:23
ვრცლად
თანხის რაოდენობის მიუხედავად, არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ ლობისტებმა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, აშშ-ში კონგრესმენები ლობისტებს არ ხვდებიან, რადგან ლობისტური კუთხით "ნაციონალური მოძრაობის" დახმარება გაცვეთილი თემაა და ყველამ კარგად იცის ამ პარტიასთან აფილირებული მედია საშუალებები და სხვა ოპოზიციური დაჯგუფებები რას წარმოადგენენ.

მათიკაშვილის განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რაც არ უნდა დიდ თანხებს იხდიდნენ, იმის არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ ლობისტებმა რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიონ.

"იმდენად გაცვეთილია თემა, რომელიც ლობისტური კუთხით "ნაციონალური მოძრაობის" დახმარებას გულისხმობს, რომ აშშ-ში კონგრესმენები ლობისტებს არ ხვდებიან, რადგან ყველასთვის კარგად გასაგებია ის მოცემულობა, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან აფილირებულ მედია საშუალებებს, ასევე კონკრეტულ პარტიებს გააჩნიათ. თვალსაჩინოა, რომ ყველა საკითხი, რომელზეც დიდი რაოდენობის თანხებს იხდიან, ამ კუთხით იმის არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ ლობისტებმა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის "Cornerstone Government Affairs"-ის მიერ 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 - თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ "კორნერსტოუნის ჯგუფის" მცდელობის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეხვედრებზე მოთხოვნები ძირითადად უპასუხოდ რჩებოდა. ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა ვერ უზრუნველყო ვერცერთ სენატორთან ან კონგრესმენთან შეხვედრის ორგანიზება და მხოლოდ კონგრესის რამდენიმე თანამშრომელთან/სტაფერთან მოახერხა შეხვედრების ჩანიშვნა.

დღის ამბები