10 მაისი 2024,   10:12
ვრცლად
უფლებების დაცვის ნაწილია, არასრულწლოვნებში როგორ უნდა გაიარო ზღვარზე, რომ არ მოხდეს მათ ფსიქიკაზე ზეგავლენა და თან არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა, ვინც თავს მიაკუთვნებს რომელიმე სხვა სექსუალურ იდენტობას - ბექა დავითულიანი

დილიდან პოლიტიკური დისკუსიის თემაა საკანონმდებლო ინიციატივა LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ - ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის მიზნით, უმრავლესობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადება. პარლამენტში კონსულტაციები იწყება.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.

"ჯერჯერობით გეტყვით მხოლოდ შინაარსობრივ მიდგომაზე. აქ საუბარი არის ძირითადად იმაზე, რომ დაცული უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ყველა უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობის უფლებებიც. მაგრამ, ამავე დროს აქ საუბარია იმაზე, რომ არ მოხდეს მოზარდ თაობაში და ბავშვებში სწორედ იმდაგვარი და იმ წესის შემოტანა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რომ რეალურად ხდება, რაც გულისხმობს, რომ საბავშვო ბაღებში, დამწყებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ მიდის პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად შენ რა სქესის ხარ შენ თვითონ უნდა აირჩიო. ჩვენ ამის კონკრეტულ გამოხატულებებს ვუყურებთ უმრავ შემთხვევაში და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეშფოთება", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ LGBT პროპაგანდის კანონით დარეგულირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით მძიმე ტენდენციები გამოიკვეთა.

"განურჩევლად ყველა იდენტობისა, ადამიანს, მოქალაქეს ამ ქვეყანაში თავი უნდა მიაჩნდეს დაცულად და ყველანაირად სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ დაიცვას. რაც შეეხება მეორე მხარეს - პროპაგანდის ნაწილს, აქაც - ესეც უფლებების დაცვის ნაწილია, რომ მაგალითად არასრულწლოვნებში როგორ უნდა გაიარო ზღვარზე ისე, რომ არ მოხდეს მათ ფსიქიკაზე რაღაც ზეგავლენა და თან მეორეს მხრივ - სხვა ადამიანის, რომელიც თავს მიაკუთვნებს რომელიმე სხვა სექსუალურ იდენტობას, არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა. აი აქ ოქროს შუალედში უნდა გაიაროს ნებისმიერმა, ვინც ამ კანონს შექმნის", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

დღის ამბები