28 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
ტრამპის კიდევ ერთი სასამართლო - შტატების 45-ე პრეზიდენტს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, სისხლის სამართლის მუხლით გაასამართლებენ

სასამართლო პროცესი, რომელზეც, პირველად ამერიკის ისტორიაში, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდებით გაასამართლებენ, 15 აპრილს დაიწყება. გადაწყვეტილება, ამ დღეს ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად, მანჰეტენელმა მოსამართლემ მიიღო და არ გაითვალისწინა ტრამპის ადვოკატების არგუმენტები, რომლებიც ყველა იურიდიული ხერხის გამოყენებით ეცადნენ პროცესის გადავადებას. ეს ერთ-ერთია სისხლის სამართლის 4 საქმიდან და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთის, გაჩუმების სანაცვლოდ, 130.000 დოლარის გადახდას ეხება. პროცესის დანიშვნას, ტრამპის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

საქმის მასალებით, 2016 წლის კამპანიის დროს, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს ფული ტრამპის იურისტმა მაიკლ კოენმა გადაუხადა და, მოგვიანებით, მას ყოფილმა პრეზიდენტმა ეს თანხა აუნაზღაურა. ფულის სანაცვლოდ, დენიელსი უნდა გაჩუმებულიყო და ტრამპთან რომანზე არაფერი ეთქვა. ფულის გადახდა დანაშაული არ არის, თუმცა მართლმსაჯულება ცდილობს, გაარკვიოს, გაფორმდა თუ არა ეს ანაზღაურება იურიდიულ მომსახურებად, რაც საარჩევნო კამპანიის ჩანაწერების გაყალბებაა და უკანონოა.

ტრამპის პრესკონფერენციას ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო გუნდი განცხადებით გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტს "სუსტი და სასოწარკვეთილი" უწოდა.

ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ სამი პროცესი ელოდება. ეს საქმეები 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას, ჯორჯიის არჩევნებში ჩარევასა და მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების შენახვას ეხება, თუმცა ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა პროცესების გაჭიანურება შეძლეს.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევამდე 20 დღე რჩება. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ტრამპმა, პროცესის დაწყების შესახებ, მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

დღის ამბები