01 მაისი 2024,   00:31
ვრცლად
"ჩამირთეთ მიკროფონი" - "ჩართულია" - რაზე იკამათეს ანა ნაცვლიშვილმა და შალვა პაპუაშვილმა კანონპროექტის განხილვისას

"ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს შორის, პარლამენტის სხდომის დროს, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა, სიტყვიერი კამათი მოხდა.

ანა ნაცვლიშვილმა თავის სიტყვაში კანონპროექტს რუსული უწოდა, სიტყვის ბოლოს კი, პარლამენტის თავმჯდომარეს მიკროფონის ჩართვას სთხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო.

"საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს - გავრილოვის უმრავლესობა აპირებს მიიღოს რუსული კანონი, ქართულად დაწერილი. ეს კანონი ამ ქვეყანას კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს ჩვენი ერის სანუკვარ ოცნებას.

ეს არის ზუსტად რუსული კანონი, რომ გამორთონ და გააჩუმონ თავისუფალი სიტყვა. დამიბრუნეთ მიკროფონი," - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა შალვა პაპუაშვილს.

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გაუმეორა დეპუტატს, რომ მიკროფონი ისედაც ჩართული იყო, შემდეგ კი დასძინა: "ჩართულ მიკროფონზე როგორც ამტკიცებდით, რომ ჩართული არ იყო, ასე ამტკიცებთ ქართულ კანონზე, რომ რუსულია,"-ო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, კენჭი უყარა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს. 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ - დოკუმენტი, პირველი მოსმენით, მიღებულია.

 

დღის ამბები