01 მაისი 2024,   01:57
ვრცლად
პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში

პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში. კანონპროექტი დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო.

ინიციატივის მიხედვით, დაბეგვრისგან გათავისუფლდებიან ოფშორულ ქვეყნებში რეგისტრირებული შეღავათიანი დაბეგვრის მქონე საწარმოები, თუ მათ საქართველოში გადმოიტანენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ინიციატივას მიესალმება.

“შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში, ჩვენებურად მას ეძახიან ოფშორებს, რომელიც სხვათა შორის 90% და მეტი ეკუთვნის დასავლეთის ქვეყნებს, მათ იურისდიქციაში არის, იქ იხსნება ფირმები და ისინი ოპერირებენ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ეს არის სრულიად კანონიერი.

ჩვენმა კოლეგებმა და მეგობრებმა მიიღეს ბევრი კანონები, რომლითაც შეზღუდეს მათი დამოუკიდებლობა და ფარულობა, გადასახადები მოუმატეს. ამიტომ, ბევრი კომპანიებისთვის, ვინც კანონიერად მოქმედებდა, არა მარტო საქართველოში, ყველგან საინტერესო აღარ არის ეს ოფშორული მიმართულება და უნდათ გადმოვიდნენ იმ ქვეყნებში, სადაც თავიანთი ბიზნესი აქვთ. თუ ეს კომპანია აღარ უნდა უბრალოდ ოფშორში ჰქონდეს და უკვე საქართველოში გამოჩნდეს, ამ შემთხვევაში მას უნდა გადაეხადა რაღაც გადასახადი. ვეუბნებით, რომ ერთჯერადად არ გადაიხდი, გადმოხვალ აქ და მერე ჩვეულებრივად გააგრძელებს. ეს რას გვაძლევს? იქნება გამჭვირვალობა, ვიცით ვინ არის, უფრო მეტ გადასახადს გადაიხდის, უფრო მეტი ბიზნესი და უფრო მეტი წარმატება იქნება,“ - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.

დღის ამბები